არქივი

ავტოსაგზაო წესების დამრღვევთა 25-30% თავს არიდებს ჯარიმების გადახდას

ავტოსაგზაო წესების დამრღვევთა 25-30% თავს არიდებს ჯარიმების გადახდას

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიშის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევებისას გამოწერილი ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება, ხოლო გაუქმებული და არჩაბარებული ჯარიმების რაოდენობა – იზრდება. ბოლო წლების ტენდენცია ასეთია: 2014 წელს გადახდილია გამოწერილი ჯარიმების საერთო რაოდენობის 88.8%, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 75.3%-მდე შემცირდა.

ჯარიმის გადახდის მიზანი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის პრევენციაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმის აღსრულების მექანიზმები ეფექტიანად ფუნქციონირებდეს.

აუდიტორების შეფასებით, იმ კერძო კომპანიების მიმართ, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმებს არ იხდიან, იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ხორციელდება. ჯამში, ასეთი კატეგორიის და გადაუხდელის სტატუსის მქონე ვიდეოჯარიმების ღირებულებამ 2016 წლისათვის თითქმის ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია გადაუხდელი ჯარიმების ამოღების ბერკეტი, – პატრულ-პოლიციელებსა და უბნის ინსპექტორებს ადრესატისთვის ვიდეოჯარიმის ჩაბარების უფლება არ აქვთ. 2017 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი, თუმცა ამ კუთხით მდგომარეობა მაინც ვერ გაუმჯობესდა. აუდიტორებმა პრობლემის გადასაჭრელად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რაც გულისხმობს:

  • ვებგვერდის შექმნას, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის ატვირთვა (რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ჯარიმის გამოწერა)
  • საჭიროების შემთხვევაში, სამგზავრო ტრანსპორტში ვიდეორეგისტრატორების დამონტაჟების შესაძლებლობას
  • ავტომანქანების რეგისტრაციისა და მათი მფლობელების საკონტაქტო ინფორმაციის ბაზის განახლებას
  • პატრულ-პოლიციელებისა და უბნის ინსპექტორების უფლებამოსილების გაზრდას ვიდეოჯარიმების ადრესატისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით
  • ჯარიმების აღსრულების ეფექტიანი სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო კომპანიების გადაუხდელი ჯარიმების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ინფორმირებას

როგორ სრულდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების შესრულებაზე. საუბარია პროგრამული ხარვეზების გამოსწორებასა და პროგრამაში ისეთი სერვისების ინტეგრირებაზე, რომელიც უზრუნველყოფს კერძო კომპანიებისთვის ჯარიმების გაგზავნას, ასევე განახლდება ავტომფლობელთა მონაცემთა ბაზა, რათა ყველა დამრღვევმა დროულად მიიღოს ჯარიმის შესახებ სმს შეტყობინება, სამინისტრო მუშაობს აპლიკაციის შექმნის იდეაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, დააფიქსირონ სამართალდარღვევა და ინფორმაცია გადაუგზავნონ საპატრულო პოლიციას.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.