არქივი

არის თუ არა კანონიერი თქვენი ონლაინ შენაძენი?



იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე ხშირად ხვდება უკანონო, ფალსიფიცირებული და ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობისათვის მავნე  სამომხმარებლო საქონელი, აშშ-ის აუდიტის სამსახურმა (GAO) გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა, დაედგინა ის წყაროები, თუ რა გზებით ხდება მსგავსი პროდუქციის შედინება სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გამოევლინა თავდაცვის ეფექტური საშუალებები. ონლაინ ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, უფრო მეტი ყალბი, ფალსიფიცირებული და უკანონო საქონელი, ასევე აკრძალული ნივთები შეიძლება მოხვდეს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, WatchBlog-მა გამოიკვლია, როგორ მუშაობს აშშ-ის საბაჟო და საფოსტო სერვისების სკრინინგი და მათი დახმარებით როგორ ხდება უკანონო ან ყალბი საქონლის აღმოჩენა/შეჩერება. კვლევის შედეგებით გამოჩნდა, რომ ფალსიფიცირებული პროდუქციის შემოდინება აშშ-ის ტერიტორიაზე საკმაოდ ხშირად ხდება, რასაც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, პროდუქციის შეფუთვისა და არსის გათვალისწინებით მათი შემოწმების სირთულე, ხოლო,  მეორე  მხრივ, მოსახლეობის მხრიდან ინტერნეტის მოხმარებისას გამოჩენილი ერთგვარი უყურადღებობა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, ფალსიფიცირებული პროდუქციის გამოვლენის სიხშირე დინამიკურად მატულობს.

„ნემსი − თივის ზვინში“

რაც უფრო გაიზარდა ვაჭრობა და ტვირთბრუნვა ონლაინსივრცეში,  მით უფრო გართულდა უკანონო ან ფალსიფიცირებული საქონლის გამოვლენა და აღმოჩენა. საბაჟოს მხრიდან უკანონო საქონელთან ბრძოლის ყველაზე აპრობირებული მეთოდი, პროდუქტის ოფიციალური მონაცემებიდან გამომდინარე, მათი შემადგენლობის გადამოწმებაა, თუმცა მონაცემები ყველა გზავნილზე არ არის დატანილი, რის გამოც პროცესი უფრო რთულდება: იმ შემთხვევაში, თუკი შეფუთვა ეჭვს იწვევს, საფოსტო სერვისი იწყებს მის დეტალურ შესწავლას, რა დროსაც ხშირად შესაძლოა,  ერთი მოცულობის  შეფუთვის  შიგნით, ასობით მცირე შეფუთვა აღმოჩნდეს.

2014 წელს საბაჟო და საფოსტო სერვისმა შეიმუშავა საპილოტე პროგრამა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა მცირე რაოდენობის საფოსტო გზავნილების შემოწმება და იდენტიფიცირება.  2017 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 58%-დან 82%-მდე მსგავსი საეჭვო გზავნილის იდენტიფიცირება მოხერხდა.

დანახარჯებისა და სარგებლის გათვალისწინებით, GAO-ს რეკომენდაციაა, კვლავ გაგრძელდეს ელექტრონული სკანერის გამოყენება, რათა ეფექტურად განხორციელდეს უკანონო საქონლის მოძიება და იდენტიფიცირება.

ფალსიფიცირებული პროდუქცია − რეალური რისკი

ყველაზე ხშირად გაყიდული ფალსიფიცირებული პროდუქციაა კოსმეტიკური საშუალებები, მობილური ტელეფონის დამტენები და წამლები. აღნიშნული საქონელი საფრთხის შემცველია იმდენად, რამდენადაც მათი მოხმარება დაკავშირებულია ელექტროობასა და ქიმიურ ნივთიერებებთან, რომლებიც შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს. მაგალითად,  ფალსიფიცირებულმა თმის ცვენის შემაჩერებელმა საშუალებებმა შესაძლოა მწვავედ დააზიანოს კანი, ხოლო ყალბი კონტაქტური ლინზების გამოყენება ზრდის მხედველობასთან დაკავშირებულ რისკებს.

აშშ-ის აუდიტის სამსახურმა გადაწყვიტა, თავად ჩაეტარებინა ცდა და  ონლაინ შეიძინა  განსხვავებული კოსმეტიკური საშუალებები სხვადასხვა მომწოდებლისაგან, შემდეგ კი შეამოწმა პროდუქციის ავთენტურობა. შედეგებმა აჩვენა, რომ 47 შეძენილი პროდუქტისაგან − 20 გაყალბებული იყო.

საბაჟო სერვისთან, პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან და გაყიდული ნაწარმის მომწოდებელ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, GAO-მ შეიმუშავა ცალკეული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც სარგებლიანი და ეფექტური იქნება მომხმარებლის უფლებების დაცვის პროცესში.

7 რჩევა ფალსიფიცირებული საქონლის ყიდვის რისკის შესამცირებლად

დააკვირდით, ვინ არის გამყიდველი: მომწოდებელი ყოველთვის არ ნიშნავს მწარმოებელს;

დააკვირდით გამყიდველის შესახებ ისეთ დამატებით ინფორმაციას, როგორიცაა: ელექტრონული ფოსტა, ოფიციალური სარეგისტრაციო მისამართი, ტელეფონი და სხვ. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ მომხმარებელთა შეფასებებსაც;

პროდუქცია შეიძინეთ ოფიციალური წარმომადგენლებისა და ბრენდებისაგან;

თუ  ფასი დაუჯერებლად დაბალია, ეს უკვე ეჭვის საფუძველს იძლევა;

დააკვირდით, რომ ვებგვერდი, რომელიც აწარმოებს ვაჭრობას, იწყებოდეს ისეთი წინსართით, როგორიცაა: https://  და საწყის სიმბოლოდ დართული ჰქონდეს ე.წ. „კლიტე“ / padlock icon;

როდესაც მიიღებთ პროდუქციას, შეამოწმეთ, რომ მასზე დატანილი იყოს მოხმარებისა და უსაფრთხოების წესები, დამზადების თარიღი, ლოგო და სხვა ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. ასევე შეამოწმეთ პროდუქციის სერიული ნომერი მწარმოებლის ვებგვერდზე;

თუ  აღმოაჩენთ ყალბ პროდუქციას, აცნობეთ მწარმოებელს და გამყიდველს, რათა წვლილი შეიტანოთ ფალსიფიცირებული საქონლის წინააღმდეგ ბრძოლაში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.