არქივი

არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველობის არსებული სისტემა ხანძრების პრევენციისკენ მიმართული


ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება ხანძრების და მათ შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა. საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, მატერიალური ზარალის 85%-ზე მეტი შენობა-ნაგებობებში გაჩენილ ხანძრებზე მოდის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად  უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურის მიერ განხორციელებული სახანძრო-ტექნიკური შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას ობიექტებში. ანგარიშში განხილულია მხოლოდ ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში განხორციელებული სახანძრო-ტექნიკური შემოწმების პროცესი. აუდიტი მოიცავს 2016-2017 წლებს  და 2018 წლის პირველი ნახევარს.
არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველობის არსებული  სისტემა ხანძრების პრევენციისკენ მიმართული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა  ანალიზისათვის შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე  გამოიკვლიეს თბილისის სამი რაიონი: ისანი-სამგორი, მთაწმინდა-კრწანისი და ვაკე-საბურთალო. ამასთანავე,  გამოიყენეს  რეგიონებში 2016-2018 წლებში მომხდარი ხანძრების ანალიზი.

სახანძრო უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემა გადამწყვეტია ხანძრების პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე ლიკვიდაციისათვის

აღმოჩნდა, რომ  2018 წლის პირველ ნახევარში შემოწმებული 226 ობიექტიდან  სრულყოფილად მხოლოდ ერთ ობიექტი აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს. ხოლო ამავე პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ საკონტროლო გადამოწმებამ აჩვენა, რომ  სახანძრო  ინსპექტორების მიერ  გაცემული რეკომენდაციები სრულად ობიექტების მხოლოდ 14%-მა  (408 დარღვევების მქონე ობიექტიდან − 59 ობიექტმა) შეასრულა. იმ ობიექტების  50%, რომლებსაც შემოწმების დროს  დარღვევები აღმოაჩნდა, საერთოდ არ დაჯარიმებულა, ხოლო ობიექტების 21%-ს კი დაკისრებული ჯარიმები არ გადაუხდია. უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობის გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმიანობა მხოლოდ ერთ ობიექტს შეუჩერდა. 

სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების მიზნით,  2018 წელს განხორციელებული რეფორმების შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურმა სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სია 9,103 ობიექტიდან  სულ მცირე 15,000 ობიექტამდე გაზარდა და  სახანძრო ინსპექტორების რაოდებობა  201-დან 32-მდე შეამცირა.

როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, იმ დაშვებით, რომ საშუალო სიდიდის და სირთულის ობიექტის შემოწმებას ორი ინსპექტორი ერთ დღეს მოანდომებს და სამუშაო დღეებს მხოლოდ სახანძრო-ტექნიკურ შემოწმებას დაუთმობს, 32 ინსპექტორი წელიწადში დაახლოებით 4,000 ობიექტს შეამოწმებს, რაც ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების მესამედიც არ არის.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.