არქივი

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო – გამონაბოლქვი

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიშის თანახმად, ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება დედაქალაქშია. 2016 წლის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% სწორედ თბილისშია რეგისტრირებული.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუარესება საერთაშორისო კვლევებითაა დადასტურებული. მაგალითისთვის, საქართველო, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილზეა (იელის უნივერსიტეტი), ხოლო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით – მე-3 ადგილზე (ვაშინგტონის უნივერსიტეტი).

როგორც ცნობილია, გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ძველი და ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტი ახდენს. აუდიტის პროცესში გამოიკვეთა, რომ ავტოსატანსპორტო საშუალებების გარკვეული კატეგორიებისთვის  ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო იყო, მაგრამ ხასიათდებოდა ხარვეზებით. მაგალითისთვის, 2016 წელს სავალდებულო პერიოდული ტექინსპექტირება საერთოდ არ ჰქონდა გავლილი დედაქალაქის ავტოსატრანსპორტო საშუალებების 76%-ს! როგორც აღმოჩნდა, იმ წელს არც სამართალდამცავთა რეაგირება იყო სათანადო: საპატრულო პოლიციამ აღნიშნული დარღვევისთვის მხოლოდ მცირე ნაწილი – 13.6% დააჯარიმა.

აუდიტორების შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმები სუსტი იყო  მუნიციპალური ტრანსპორტის შემთხვევაშიც (2017 წლის 4 აპრილიდან  6 ოქტომბრის პერიოდში, სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 40% არ გამოცხადდა, ხოლო 673 ავტობუსიდან 456-მა პერიოდული ტექინსპექტირება ვერ გაიარა). 

აუდიტის სამსახურმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის მერიას და ურჩია, შეიმუშაოს ავტოპარკის განახლების სტრატეგია და გაამკაცროს მონიტორინგი მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შესრულებაზე.

აუდიტორების შეფასებით, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ზიანის პრევენციის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი ელექტრომობილების იმპორტის ხელშეწყობაა. ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერში მავნე ნივთიერებების არსებობას.  

ჰაერის ისეთი ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებებისათვის, როგორიცაა SO2, NO2, ბენზოლი, CO, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული მნიშვნელობები არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.

ჰაერის ხარისხობრივი ნორმების ევროსტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, აუდიტის ჯგუფმა გასცა  რეკომენდაციები, რომელთა ადრესატები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.