არქივი

ბლოგი ეფექტიანობის აუდიტზე

ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი და ჩვენი ხუთწლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იგი გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ და შევისწავლოთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

მრავალი განვითარებული ქვეყნის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეფექტიანობის აუდიტს მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია საჯარო მმართველობის სისტემური გაუმჯობესების საქმეში და შესაბამისად, ასეთი ტიპის აუდიტები ფართოდ გამოიყენება, როგორც ქმედითი საშუალება პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად საჯარო სივრცეში.

ეფექტიანობის აუდიტი ტარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს სამ ძირითად პრინციპს: ეკონომიურობას Economy, პროდუქტიულობას Efficiency და ეფექტიანობას Effectiveness. თუ რომელი კონცეფცია ან კონცეფციების კომბინაცია იქნება გამოყენებული, დამოკიდებულია შერჩეულ საკვლევ თემაზე.

მაგალითად, ეკონომიურობა გულისხმობს, არის თუა არა გამოყენებული რესურსები მატერიალური და არამატერიალური სახსრების მოხმარების ყველაზე ეკონომიური გზა.

პროდუქტიულობის შემთხვევაში განვიხილავთ, არის თუ არა გამოყენებული ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსი ოპტიმალურად და შესაძლებელი იყო თუ არა უკეთესი შედეგის მიღწევა.

ხოლო ეფექტიანობის კონცეფციამ უნდა უპასუხოს კითხვაზე, მივაღწიეთ თუ არა მიზანს და მივიღეთ თუ არა სასურველი შედეგი.

ეფექტიანობის აუდიტი სოციალურად და საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე ახდენს კონცენტრირებას და ძნელად უნდა მოიძებნებოდეს მოქალაქე, რომელიც ამ სახის აუდიტის მიერ შემოწმებული რომელიმე საკითხით არ დაინტერესდება. მაგალითად, რამდენად ეფექტიანად მუშაობს მუნიციპალური პროგრამები, ხელმისაწვდომია თუ არა ჯანდაცვა რეგიონებში, რამდენად ხარისხიანია უმაღლესი განათლების სისტემა და სხვა.. ამ საკითხებმა არავინ უნდა დატოვოს გულგრილი და ჩვენი მიზანია, ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე საზოგადოებისგან მივიღოთ რჩევები და გავიზიაროთ მათი დაკვირვებები.

იმედი გვაქვს, რომ ეფექტიანობის აუდიტი გახდება საჯარო სერვისების მუდმივი გაუმჯობესების ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი და ბლოგის მეშვეობით, ამ პროცესში თქვენი ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ირაკლი მექვაბიშვილი
გენერალური აუდიტორი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.