არქივი

გამოწვევები ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ 2009 წელს აიღო ვალდებულება, რომ 2020 წლისთვის უზრუნველყოფდა საჯარო სექტორის აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან (სსბასს) შესაბამისობას.
სსბასს (IPSAS) არის კერძო სექტორის საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის (ბასს, IFRS) ეკვივალენტი საჯარო სექტორისთვის. ამჟამად, 80-მდე ქვეყანამ დანერგა IPSAS -ის აღრიცხვის პრინციპები და ქვეყნების რაოდენობა მუდმივად იზრდება. აღნიშნული სტანდარტების დანერგვა რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც ქვეყნებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობამ ამ ვალდებულებით მიზნად დაისახა ფინანსური ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება, რომლის საფუძველზე მთავრობა და პარლამენტი უფრო ეფექტიანად შეძლებს რესურსების გადანაწილებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა , რა ეტაპზეა სსბასს-ის დანერგვის პროცესი (პროგრესი) საქართველოში და რამდენად არის შესაძლებელი სამოქმედო გეგმით გაწერილ ვადებში პროცესის დასრულება (მზადყოფნა).
სსბასს-ის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს ხელისუფლების ყველა დონეზე. შესაბამისად, აუდიტი მოიცავს ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე სახელმწიფო სსიპ-ებს, ა(ა)იპ-ებს და კომერციულ საწარმოებს, რომელთაც აკონტროლებს სახელმწიფო.
როგორც აუდიტის შედეგებმა აჩვენა, ფინანსთა სამინისტრომ ხელისუფლების ყველა დონეზე სსბასს-ის იმპლემენტაციის პროცესში გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა საკმაო მოცულობის სამუშაო კვლავაც შესასრულებელია. სსბასს-ის დანერგვის პროცესში დღეისათვის მიღწეული შედეგების ანალიზის მიხედვით, ცენტრალური ხელისუფლების 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებები არ იქნება სსბასს-თან სრულად შესაბამისი. ავტონომიურ და მუნიციპალურ დონეზე სსბასს-ის დანერგვის პროცესში მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო დაბალ დონეზეა და უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობა საჯარო სექტორისთვის

გამოწვევები ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში

სსბასს ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემულ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა მასში გათვალისწინებულია საჯარო სექტორისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური საკითხები.
კერძოდ, სსბასს გულისხმობს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების საკასო მეთოდიდან (ნაღდი ფულის შესვლა/გასვლა) დარიცხვის მეთოდით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე გადასვლის შესაძლებლობას, როგორც კონსოლიდირებულ, ისე ერთეულების დონეზე.
დარიცხვის მეთოდი ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძველია. ბუღალტრულ აღრიცხვაში დარიცხვის მეთოდი ნიშნავს აქტივების, ვალდებულებების, კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების აღიარებას მათი განხორციელებისას, და არა იმის მიხედვით, თუ როდის იქნა თანხა ფაქტობრივად მიღებული ან გადახდილი. დარიცხვის მეთოდი გულისხმობს შემოსავლებისა და ხარჯების აღიარებას მათი წარმოქმნისთანავე, რაც ბუღალტრულ აღრიცხვაში რეგისტრირდება და აისახება იმ პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელსაც რეალურად განეკუთვნება.
დარიცხვის მეთოდით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება მომხმარებელს გააცნობს არა მხოლოდ წარსულ სამეურნეო ოპერაციებს, რომლებიც მოიცავს ფულადი საშუალებების გადახდასა და მიღებას, არამედ მომავალში გასანაღდებელ ვალდებულებებსა და მომავალი პერიოდის მოთხოვნებსაც. ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ინფორმაცია წარსულში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების შესახებ, რომელიც სჭირდებათ მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
სსბასს-ის სტანდარტის დანერგვა საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობას, საზოგადოებას, ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, სრულყოფილად დაინახოს შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია, მართოს და განახორციელოს პროცესზე ეფექტიანი ფინანსური კონტროლი, რაც დაგეგმვის პროცესში უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემს და უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობას.
სსბასს-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ხელს უწყობს საჯარო სექტორის ერთეულების მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ინფორმაციის ერთგვაროვნებას და აუმჯობესებს ფინანსური ანგარიშგების ხარისხს. მისი დანერგვა ზრდის მთავრობის ანგარიშვალდებულებას.
ამასთანავე, ამ სტანდარტით მიწოდებული ანგარიშგება იქნება უფრო ადვილად გასაგები, აღქმადი და გამოყენებადი. შესაბამისად, სსბასს-ის მიხედვით მომზადებული და გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებები აამაღლებს ქვეყნისადმი ნდობას როგორც საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან.

ავტორი: გიორგი ჭოლოკავა, უფროსი აუდიტორი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.