არქივი

ინკლუზიური სწავლება: 2082 საჯარო სკოლიდან სათანადოდ ადაპტირებულია 17

ინკლუზიური სწავლება: 2082 საჯარო სკოლიდან სათანადოდ ადაპტირებულია 17

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის შესაბამისად, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალურ პედაგოგებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, გაიზრდება სცეპპედაგოგების ანაზღაურება და პარალელურად, მოხდება მათი პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა.

„ინკლუზიური სწავლების“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, რაც მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, საჯარო სკოლების გარემოსა და პედაგოგების მომზადებას სსსმ მოსწავლეების მისაღებად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებობს ერთის მხრივ, კადრების ნაკლებობის და მეორე მხრივ, მათი არასწორი გადანაწილების პრობლემა. აუდიტორების გამოთვლით, 516 საჯარო სკოლაში დასაქმებულ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან 1,589 მოსწავლეს, არ აქვთ გავლილი სსსმ პირთა განათლების სპეციალიზირებული ტრენინგი. თუმცა გამოიკვეთა საპირისპირო შემთხვევებიც – 43 სკოლაში დასაქმებულია 239 ტრენინგგავლილი მასწავლებელი, მაგრამ ამ სკოლებში სსსმ მოსწავლეები საერთოდ არ ირიცხებიან.

აუდიტის ჯგუფმა შეუსაბამობა დააფიქსირა სკოლების ინფრასტრუქტურთან დაკავშირებითაც. კვლევის მიხედვით, 2082 საჯარო სკოლიდან სათანადოდ ადაპტირებულია მხოლოდ 17 სკოლა. ასევე ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების მიზნების შესაბამისად ადაპტირებული სკოლები, რომელთაც არ ჰყავთ სსსმ მოსწავლეები და პირიქით, სსსმ მოსწავლეები სწავლობენ ისეთ სკოლებში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქურა არ არსებობს.

სახელწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლის მიხედვითაც სსსმ მოსწავლის ჩარიცხვამდე შეფასდება სკოლის გარემო, პრიორიტეტების მიხედვით მოხდება სკოლების შერჩევა და სკოლის ეტაპობრივი, სრული ადაპტაცია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.