არქივი

ინფექციის პრევენცია და კონტროლი – როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?


ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, ევროპაში ყოველწლიურად საშუალოდ 4 მილიონი ადამიანი ინფიცირდება სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციებით, ჯანდაცვის სერვისებზე გაწეული მთლიანი ხარჯის დაახლოებით 10% კი სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების მკურნალობასა და სამედიცინო შეცდომების გამოსწორებაზეა მიმართული. კვლევებით დადასტურებულია, რომ ინფექციის პრევენციული ღონისძიებებისა და კონტროლის სისტემის სათანადოდ მართვის შემთხვევაში, ინფექციების შემთხვევების 20%-ის არიდებაა შესაძლებელი (OECD). სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იმ ქვეყნების გამოცდილება შეისწავლა, რომლებსაც პრევენციისა და კონტროლის სწორი პოლიტიკის შედეგად, ინფექციათა რაოდენობისა და მკურნალობაზე გაწეული ხარჯის შემცირება შეძლეს.

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ზედამხედველობა − დიდი ბრიტანეთის მაგალითი

დიდ ბრიტანეთში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია რამდენიმე სტრუქტურა, რომელთა ფუნქციები განსაზღვრულია: ჯანდაცვის ბიუჯეტს მართავს ჯანდაცვის ეროვნული სერვისი, ხოლო სტაციონარული და სტომატოლოგიური დაწესებულებების რეგისტრაციას და მომსახურების ხარისხის კონტროლს ახორციელებს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო – ჯანდაცვის ხარისხის კომისია, რომელიც ფინანსდება ჯანდაცვის დეპარტამენტიდან და პასუხისმგებელია მის წინაშე. ჯანდაცვის ხარისხის კომისია პერიოდულად აქვეყნებს სამედიცინო დაწესებულებათა რეიტინგებს და ანგარიშებს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას უსაფრთხო მკურნალობისა და ინფექციის კონტროლის სისტემის შესახებ.  

სადეზინფექციო საშუალებების ბაზარზე დაშვების პროცესი − ევროკავშირის მაგალითი

ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელია, რომ ბიოციდურმა პროდუქტმა  გაიაროს ავტორიზაციის რთული პროცესი. ავტორიზაცია  მოიცავს შემდეგ ალტერნატიულ პროცედურებს: ეროვნული ავტორიზაცია, როცა პროდუქტი დაშვებული იქნება მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე, საერთო აღიარება − პროდუქტი დაშვებული იქნება ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე, ევროკავშირის დონეზე ავტორიზაცია − პროდუქტი ერთი რეგისტრაციის პროცესით დაშვე­ბული იქნება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ბაზარზე.

ევროკავშირის დონეზე ბიოციდური პროდუქტის ავტორიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყ­ვეტილებას იღებს ევროკომისია, რომელიც ეყრდნობა ევროპის ქიმიური ნივთიერებების სააგენტოს მოსაზრებებს. 

ნოზოკომიური ინფექციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება − დიდი ბრი­ტანეთისა და აშშ-ს მაგალითები  

ნოზოკომიური ინფექციებისა და პაციენტების შესახებ მონაცემები ინგლისში 2005 წლიდან ყოველდღიურად ფიქსირდება სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ზედამხედველობის ელექტრონულ პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ნოზოკომიურ ინფექციას ახლავს დამატებითი მონაცემები ინფექციის შემდგომი მიმოხილვის სახით, რომელიც საშუალებას იძლევა, გაანალიზდეს დადასტურებული ინფექციების გამომწვევი მიზეზები და დაიგეგმოს პრევენციის ღონისძიებები.

ინფექციებთან დაკავშირებული მონაცემები საჯაროდ ქვეყნდება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად (ყოველთვიურად, კვარტალურად  ან წლიურად). ასევე წახალისებულია პაციენტების ინფორმირებულობა, რაც ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ინფექციების პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებით.

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში შექმნილია ჯანდაცვის უსაფრთხოების ეროვნული ქსელი, რომელიც 17 ათას სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს. მათ  მონაცემებზე დაყრდნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამუშავებს ეროვნულ ინდიკატორებს და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რაც სამედიცინო დაწესებულებებს ხელს უწყობს ინფექციების მართვაში მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების შეფასებაში. საჯაროა ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სამედიცინო დაწესებულებები ინფექციების პრევენციისა და კონტოლის სისტემის სავალდებულო  მოთხოვნებს   და ხელმისაწვდომია პაციენტებისათვისაც, რომლებსაც შეუძლიათ გადაამოწმონ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კუთხით არსებული მდგომარეობა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველწლიურად აგროვებს ინფორმაციას სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ხუთი ძირითადი ინფექციის შესახებ და აქვეყნებს ანგარიშს ინფექციების შემცირების პროგრესთან დაკავშირებით.  

სავალდებულოდ წარსადგენი ნოზოკომიური ინფექციების მონაცემთა ბაზა საშუალებას იძლევა, ქვეყანამ თვალყური ადევნოს ინფექციების გავრცელების კონტროლის პროგრესს და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს მისი შემცირების გზების შესახებ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.