არქივი

იყო თუ არა შესაძლებელი ფაროსანას გავრცელების პრევენცია – აუდიტორებმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლეს

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალურია აზიური ფაროსანას ზეგავლენა სოფლის მეურნეობის მოსავლიანობასა და საექსპორტო მაჩვენებლებზე. ფაროსანამ განსაკუთრებით დააზიანა თხილის კულტურა, რომლის მოსავალი 2016 წელს − 16%-ით, ხოლო 2017 წელს 27%-ით შემცირდა. მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის მიყენებულმა ზარალმა 2016 წელს 53-69 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის ექსპორტი, რომელიც 2016 წელს მე-2 ადგილს იკავებდა, მომდევნო პერიოდში მკვეთრად შემცირდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტიანია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები და შესაძლებელი იყო თუ არა ქვეყნის ტერიტორიაზე მისი მასობრივი გავრცელების პრევენცია.
იყო თუ არა შესაძლებელი ფაროსანას გავრცელების  პრევენცია  - აუდიტორებმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლეს

აზიური ფაროსანას საქართველოში შემოჭრის გზები ოფიციალურ წყაროებში იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (EPPO) მონაცემებით, მავნებელი მწერი 2014 წელს სოჭში გავრცელდა და 2015 წელს აფხაზეთში გადაინაცვლა. EPPO-მ ეს ინფორმაცია ოფიციალურად 2016 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაგვიანებული აღმოჩნდა აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების დროული პრევენციისთვის.

მიუხედავად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ სააგენტოს, ორგანიზაციაში დანერგილი მონიტორინგის სისტემის საშუალებით, 2016 წლამდეც უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა არსებული მონიტორინგის მექანიზმები არ აღმოჩნდა ქმედითი იმისათვის, რომ დროულად გამოვლენილიყო მავნებელთან დაკავშირებული რისკები.  სააგენტომ აზიური ფაროსანას იდენტიფიცირება მხოლოდ 2016 წლის სექტემბერში შეძლო მაშინ, როცა მავნებელმა  დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალიც გაანადგურა და უფრო მეტიც,  გამოზამთრება და გამრავლებაც მოასწრო.

ფაროსანას შემოჭრის და გავრცელების საფრთხის დროული იდენტიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა, უფრო ადრე დაეწყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის წინასწარი მომზადება, რაც ხელს შეუწყობდა მავნებლების პოპულაციის ლოკალიზებას და კონტროლს გავრცელების შედარებით მცირე არეალზე.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა, რის მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანა, ჯერ კიდევ შორეული საფრთხის არსებობის პირობებში, აძლიერებს მონიტორინგის მექანიზმებს, რაც მავნებლის ტერიტორიაზე შეჭრისა და მასობრივი გავრცელების  პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

მაგალითად, ავსტრალიაში აზიური ფაროსანა გავრცელებული არ არის, თუმცა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მისი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის რისკი შეაფასა როგორც მაღალი და მყისიერად გადადგა ქმედითი ნაბიჯები. შესაბამისმა დეპარტამენტმა მოამზადა სხვადასხვა მასალა, სადაც გაანალიზებულია მავნებლის შემოჭრის საფრხეები და არხები, განხილულია, რა გამოცდილების გაზიარება შეიძლება სხვა ქვეყნების მაგალითებიდან, ჩამოყალიბებულია სამომავლო სამოქმედო გეგმის შედგენის მეთოდოლოგია, ახსნილია მოსახლეობისთვის, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ადგილობრივი სახეობები (რომლებიც არ არის აზიური ფაროსანასავით მავნებელი) აზიური ფაროსანასგან  სხვადასხვა დასურათებული დოკუმენტებით.  მსგავსი ზომები მიიღო ასევე ახალი ზელანდიის მთავრობამაც. კანადამ კი, ქვეყნის ტერიტორიაზე მავნე მწერის  შემოჭრის და მასობრივი გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად,  ფიტოსანიტარიული კონტროლი გააძლიერა, მთავრობამ სწრაფი რეაგირების გეგმა შეიმუშავა და მის შესრულებაზე მკაცრი მონიტორინგი დააწესა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.