არქივი

კატასტროფებისადმი მდგრადობის კონცეფცია

2005 წლიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლისთვის განხორციელებული ფედერალური დაფინანსება ნახევარ ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. სპეციალისტების მოსაზრებით, რაც უფრო გაიზრდება სტიქიური უბედურებების სიმძაფრე და რაოდენობა, მით უფრო მნიშვნელოვანი გახდება ფედერალური დახმარების საჭიროებაც. სტატისტიკური ინფორმაციით, 1980 წლიდან შტატებში დაფიქსირდა 254 ბუნებრივი კატასტროფა, რამაც ჯამში, ქვეყანა 1.7 ტრილიონი აშშ დოლარით აზარალა. გლობალური ცვლილებების კვლევის პროგრამის (USGCRP) ვარაუდით, ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების მასშტაბურობა და სიხშირე ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მოუტანს. ამერიკის შეერთებული შტატების აუდიტის ოფისმა (GAO) შეიმუშავა ე.წ. „კატასტროფებისადმი მდგრადობის კონცეფცია“, რომელიც შეასრულებს ერთგვარი სახელმძღვანელოს ფუნქციას ფედერალური ქმედებების ანალიზისთვის და ასევე ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებისადმი მზადყოფნის გაძლიერებას.

ბუნებრივი კატასტროფებისადმი მდგრადობა გულისხმობს საგანგებო სიტუაციებისათვის მზადებასა და მათთან ადაპტირებას. ამ მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციას შეუძლია შეამციროს ბუნებრივი მოვლენების მიერ მიყენებული ზარალი. მაგალითად, ტეხასსა და ფლორიდაში საცხოვრებელი სახლების ამაღლებისა და სამშენებლო ნორმების გამკაცრების შედეგად, 2017 წლის ქარიშხლების სეზონის დროს უფრო სერიოზული ზარალი თავიდან იქნა აცილებული.

GAO-ს კატასტროფებისადმი მდგრადობის კონცეფცია დაფუძნებულია 3 ზოგად  კომპონენტზე:

ინფორმაცია –ფედერალური და არაფედერალური მმართველობის პასუხისმგებელ პირებს უნდა მიეწოდოს ავტორიტეტული და გასაგები ინფორმაცია, რათა ადვილად ამოიცნონ მიმდინარე და მომავალი საფრთხეები, ასევე რისკების შესამცირებელი სტრატეგიების ზემოქმედება

ინტეგრაცია –საშუალება უნდა მიეცეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ განახორციელონ თანმიმდევრული და კოორდინირებული ქმედებები

წახალისება – გრძელვადიანი, მომავალზე ორიენტირებული და რისკების შესამცირებელი ინვესტიციები უნდა გახდეს უფრო სიცოცხლისუნარიანი და მიმზიდველი კონკურენტულად აღიარებულ პრიორიტეტებს შორის

აღსანიშნავია, რომ თითოეული პრინციპი მოიცავს საკითხებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია არა მხოლოდ სტიქიური უბედურების შემდეგ, არამედ წინასწარ, პოტენციური კატასტროფის დადგომამდე.

GA0 კონცეფციის მომხმარებლებს ასევე სთავაზობს, გამოიყენონ უკვე შემუშავებული პრინციპები და საკითხები, რათა:

  • გააანალიზონ ბუნებრივი კატასტროფებისადმი მდგრადობის ფედერალური ძალისხმევის მასშტაბები, როგორიცაა, კანონმდებლობა, სტრატეგიული გეგმები და პროგრამები
  • გამოავლინონ ხარვეზები ფედერალური სამსახურების საქმიანობაში
  • განიხილონ ფედერალური მმართველობის როლი გადაწყვეტილებების მიმღებ სხვა ერთეულებს შორის (შტატები, დასახლებული პუნქტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.