არქივი

მონაცემების კონფიდენციალურობა ინტერნეტ სივრცეში


თუკი ინტერნეტის გამოყენებით ვაჭრობა, ისევე როგორც კომუნიკაცია, თქვენთვის უცხო არაა, მაშასადამე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ონლაინ სერვისების მომწოდებელი საშუალებები მუდმივად ინახავენ  თქვენ შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა, ძიების შედეგები, ფინანსური ინფორმაცია და თქვენი ადგილსამყოფელიც კი.
აშშ-ის აუდიტის სამსახურმა (GAO) შეისწავლა, როგორ ახორციელებენ აშშ-ის სხვადასხვა ფედერალური ორგანოები ინტერნეტის მომხმარებელთა მონაცემებისა და კონფიდენციალურობის დაცვას და ასევე გამოავლინა ის გზები, რაც დაგვეხმარება ინტერნეტის მოხმარებისას უკეთ დავიცვათ პირადი ინფორმაცია.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, სულ ცოტა, ორი პრობლემური მიმართულება:   კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ერთიანი საკანონმდებლო ბაზის არარსებობა და აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის უფლებამოსილების სიმცირიდან გამომდინარე, მომხმარებლის უფლებების დაცვის სირთულე.

ითის ყოველი დაჭერის მიღმა არსებული საფრთხე

2017-2018 წლებში აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ გამოავლინა რიგი დარღვევებისა, რომლებიც ინტერნეტის მომხმარებელთა კონფიდენციალური ინფორმაციის ნებადაურთველ გამოყენებასთან იყო დაკავშირებული. როგორც მოკვლევით დადგინდა, 2017 წელს კომპანია PayPal-მა შეცდომაში შეიყვანა საკუთარი მომხმარებელი ფინანსური ტრანზაქციების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, ხოლო 2018 წელს ე.წ. „ჭკვიანი“ ტელევიზორების მწარმოებელმა კომპანია Vizio-მ არსებული ტექნოლოგიის გამოყენებით, აწარმოვა დაკვირვება მაყურებელზე და მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ სატელევიზიო არხს, რამდენად ხშირად და კონკრეტულად, რომელ გადაცემას უყურებდნენ ისინი.

როგორც აშშ-ის ნაციონალურმა ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციის ადმინისტრაციამ დაადგინა, აშშ-ის მოსახლეობის 24% სწორედ კონფიდენციალურობის დარღვევის შიშით ერიდება ფინანსური ტრანზაქციების ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებას.

ვინ იცავს თქვენს მონაცემებს?

ევროკავშირისაგან განსხვავებით, აშშ-ში არ არსებობს კანონი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს პირადი მონაცემების დაცვას ინტერნეტსივრცეში. ამ ეტაპზე მსგავსი დავალების შესრულება აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის მოვალეობაა, თუმცა მას, თავის მხრივ, დარღვევათა გამოვლენის საშუალება აქვს, მაგრამ დამრღვევი კომპანიის დაჯარიმების უფლება არ გააჩნია, რაც საკმაოდ პრობლემურია.

რეკომენდაციები

აშშ-ის ინტერნეტის მომხმარებელთა ასოციაციამ და ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ  შეიმუშავეს რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც ხელს შეუწყობს მომხმარებლის უფლებების დაცვას კონფიდენციალურობის კუთხით:

მნიშვნელოვანია, მოხდეს ინტერნეტის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ კანონის შემუშავება და მიღება;

დაწესდეს რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას  და ადვილად  ხელმისაწვდომს გახდის მას;

მიენიჭოს აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიას კომპანიების დაჯარიმების უფლება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.