არქივი

ოპიოიდური რეცეპტების გაცემის რისკები

ოპიოიდური რეცეპტების ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა დოზის გადაჭარბება და უფრო მეტიც, ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. 2016 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამის − „მედიქეას“ (Medicare) ფარგლებში, 14 მილიონზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო ოპიოიდური მედიკამენტები, რომელთა საერთო ღირებულება 4.1 მილიარდი დოლარია. აშშ აუდიტის ოფისმა (GAO) აღნიშნული საკითხის შესწავლისას გამოავლინა არასწორი ქმედებები და რისკები, მათ შორის, ერთი და იმავე ადამიანისთვის რამდენიმე ოპიოიდის სხვადასხვა წყაროდან მიღების შემთხვევები.

როგორ ხდება ოპიოიდების ბოროტად გამოყენება?

დანიშნულებითი ოპიოიდები (ჰიდროკოდონი, ოქსიკოდონი და მორფინი) ტკივილის სამართავად გამოიყენება. ასეთ მედიკამენტებს მართლაც შესწევთ უნარი, ადამიანებს ქრონიკული ძლიერი ტკივილები შეუმსუბუქონ, თუმცა, ისინი ასევე იწვევენ დამოკიდებულებას, დოზის გადაჭარბებასა და სიკვდილს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, 2013 წელს ოთხჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა ოპიოიდის გადაჭარბებული დოზის გამო, ვიდრე, მაგალითად, 1999 წელს.

არსებობს ოპიოიდების ბოროტად გამოყენების მეთოდები, რამაც შეიძლება ადამიანებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, მათ შორისაა:

  • „ექიმების ძებნა“ − ოპიოიდის რამდენიმე რეცეპტის მიღება სხვადასხვა ექიმისგან ან სხვადასხვა აფთიაქიდან
  • დანიშნულებითი ოპიოიდების რეკრეაციული მიზნით გამოყენება, გაყიდვა შავ ბაზარზე, თვითმკურნალობის მოტივით მოხმარება ან ტკივილის მომიზეზება რეცეპტის მისაღებად
  • საეჭვო რეცეპტები: ზოგიერთი ექიმი რეცეპტს არადანიშნულებისამებრ წერს, ან გასცემს იმაზე მეტ დოზას, ვიდრე ეს აუცილებელია

დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული შემთხვევების ზრდის გამო, „მედიქეა“ მონიტორინგს უწევდა პროგრამის იმ მონაწილეებს, რომლებიც, შესაძლოა, ოპიოიდებს გადაჭარბებულად იღებდნენ. მიუხედავად ამისა, GAO-მ აღმოაჩინა, რომ „მედიქეას“ გაცილებით მეტი მონაწილე იმყოფება რისკის ქვეშ, ვიდრე ეს პროგრამის მონიტორინგმა გამოავლინა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წელს თითქმის 750 000 ადამიანი იმყოფებოდა პოტენციურად ოპიოიდების მოხმარების რისკის ქვეშ, თუმცა „მედიქეა“ მათგან მხოლოდ 33 000 ადამიანს უწევდა მონიტორინგს.

როგორ დაადგინა GAO-მ, რომ თითქმის 750 000 ბენეფიციარია რისკის ზონაში?

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, ექიმებმა ძალიან ფრთხილად უნდა შეაფასონ ოპიოიდების ისეთი რეცეპტების სარგებელი და რისკები, რომლებიც დღეში 90 მილიგრამს აღემატება, რადგან ასეთმა რაოდენობამ შესაძლოა ზედოზირება გამოიწვიოს.

„მედიქეას“ მონაცემებით, 2015 წელს 727 016 ადამიანს ოპიოიდის საშუალო დღიურ დოზად დაენიშნა 90 მგ ან მეტი, ამიტომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, ყველა ბენეფიციარი რისკის ქვეშ იმყოფებოდა.

GAO-მ კონსულტაციები გაიარა ტკივილის მართვის სპეციალისტებთან და დაადგინა, რომ ზოგიერთ პაციენტს მართლაც სჭირდება ოპიოიდების ისეთი დოზა, რომელიც დღეში 90 მგ-ს აღემატება, მაგრამ ასეთი ადამიანები მაინც შეიძლება იმყოფებოდნენ რისკის ქვეშ. განსაკუთრებით ეს 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეხებათ.

რატომ არის „მედიქეას“ მონაცემები დაბალი?

„მედიქეა“ მხოლოდ 33 223 ადამიანს უწევს მონიტორინგს, რადგანაც ის ეძებს პროგრამის მონაწილეებს, რომლებიც:

  • დღეში 90 მილიგრამზე მეტ დოზას იღებენ
  • ოპიოიდების რეცეპტებს ოთხი ან მეტი ექიმისგან იღებენ, ან ოთხ ან მეტ აფთიაქში ყიდულობენ

რატომ აქვს ამას მნიშვნელობა?

ეს ნიშნავს, რომ „მედიქეა“ ვერ აკონტროლებს მონაცემებს იმის შესახებ, იკლებს თუ იმატებს ოპიოიდების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების რიცხვი დროთა განმავლობაში. სადაზღვევო პროგრამას ეს ინფორმაცია სჭირდება იმის დასადგენად, ამართლებს თუ არა ამ ზიანის შემცირებისკენ მიმართული ძალისხმევა.
გარდა ამისა, ოპიოიდების ბოროტად გამოყენების შემცირება „მედიქეას“ ხარჯებსაც შეუმცირებს, რადგან იკლებს არასწორად გაცემული რეცეპტების რაოდენობა.

რეკომენდაციები

GAO რეკომენდაციას აძლევს „მედიქეას“, რომ აკონტროლოს პროგრამის ყველა მონაწილე, ვინც ოპიოიდების მაღალ დოზას იღებს, მიუხედავად იმისა, რამდენი ექიმისგან აქვს მიღებული რეცეპტები ან რამდენ აფთიაქში ყიდულობს ამ მედიკამენტებს, რათა განისაზღვროს რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა რაოდენობა.

გარდა ამისა, GAO ურჩევს „მედიქეას“, გამოავლინოს და აკონტროლოს ექიმები, რომლებიც ოპიოიდების მაღალ დოზებს გასცემენ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.