არქივი

პასუხობს თუ არა განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის საჭიროებებს










ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია  ცენტრალიზებული და სრულყოფილი ინფორმაციული სისტემა. განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის (eSchool) დანერგვა საქართველოს სკოლებში 2015 წლიდან დაიწყო (ბოლო მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 2085 საჯარო და 228 კერძო სკოლა). ESchool-ის მიზანია განათლების სექტორიდან (სკოლამდელი, ზოგადი,  პროფესიული და უმაღლესი განათლება) ზუსტი მონაცემების შეგროვება და ერთიან ბაზაში ასახვა. შესაბამისად, სისტემაში თავმოყრილი უნდა იყოს ყველა სასწავლო დაწესებულებიდან ცენტრალიზებულად მიღებული ინფორმაცია მოსწავლის სკოლამდელი ასაკიდან − უმაღლესი განათლების ჩათვლით.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტიანია განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა და შეესაბამება თუ არა არსებული პრაქტიკა თანამედროვე სტანდარტებს.

აუდიტორული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა მოიცავს საუკეთესო პრაქტიკით განსაზღვრული ინფორმაციის მხოლოდ 50%-ს, რაც გამოწვეულია იმით, რომ eSchool-ის შექმნის პროცესი არათანმიმდევრულია და მასში პროექტის მართვის ძირეული პრინციპები არ არის გათვალისწინებული.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა აერთიანებს მხოლოდ პერსონალურ მონაცემებს მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგებისა და მთლიანად სკოლის ადმინისტრაციის შესახებ, ასევე ინფორმაციას მოსწავლეთა საერთო რაოდენობასა და მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიცაა, მოზარდების აკადემიური შედეგები და მათი ჯანმრთელობის ისტორია (მაგალითად, გადატანილი დაავადებები, ჩატარებული აცრები და სხვ.).   

სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი უკავშირდება eSchool-ის მოდულის − ელექტრონული ჟურნალის  (eJournal) ფუნქციონალის გაუმართაობას. 

საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, eJournal უნდა უზრუნველყოფდეს სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა-მართვას, მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონულ კონტროლს, შეფასებების ავტომატურ კალკულაციასა და ანგარიშგების წარმოებას. რაც მთავარია, მშობლებს უნდა შეეძლოთ, სკოლაში მისვლის გარეშე, ელექტრონულად ადევნონ თვალყური, როგორ სწავლობენ მათი შვილები ან ესწრებიან თუ არა ისინი გაკვეთილებს.  

ელექტრონული ჟურნალი 2016 წლიდან საპილოტე რეჟიმში მუშაობს საჯარო სკოლების მხოლოდ 16%-ში (335 საჯარო სკოლა) და როგორც აღმოჩნდა, ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყოფდეს სრულფასოვან კომუნიკაციას სკოლას, მშობელსა და მოსწავლეს შორის, სინამდვილეში ხელმისაწვდომია მხოლოდმასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის და არა მშობლებისთვის.

მშობლებს არა აქვთ წვდომა ელექტრონულ ჟურნალზე და შესაბამისად, არ შეუძლიათ, ონლაინ რეჟიმში გაეცნონ შვილების ნიშნებს, დავალებებს, დასწრებას, გაცდენებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.  

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საპილოტე პროექტს, რომელშიც მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხშირად ეთიშებიან პროგრამაში ჩართული სკოლები, რაც აუდიტორების შეფასებით, eJournal მოდულის ფუნქციონალის გაუმართაობას­ა და მასზე წვდომის შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სკოლები ელექტრონული ჟურნალის პრიორიტეტებს ვერ ხედავენ.

პირიქით, რამდენიმე საჯარო სკოლამ, რომელმაც ელექტრონული ჟურნალის შესაძლებლობები დაინახა, საკუთარი სახსრებით შეიძინა კერძო სკოლებში კარგად აპრობირებული, ქართული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი „სქულბუქი“ და ამით მშობლებს შესაძლებლობა მისცა, ელექტრონულად გაეცნონ შვილების აკადემიურ მოსწრებას და სასკოლო სიახლეებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ინფორმაციული სისტემის მუშაობა შეაფერხა, იყო ის, რომ არ შესრულდა ვალდებულება, რომელიც eSchool-ის მიმართულებით დასაქმებული პერსონალის გადამზადებას და მათი უნარების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.