არქივი

რამდენად დამოკიდებულია შრომისუნარიანი პირი სოციალურ დახმარებაზე?

რამდენად დამოკიდებულია შრომისუნარიანი პირი სოციალურ დახმარებაზე?

ეფექტიანობის აუდიტის ჯგუფის მიერ გამოკითხული ბენეფიციარების უმრავლესობის აზრით, დასაქმება სოციალური დახმარების დაკარგვასთანაა გაიგივებული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია“ გარკვეულ შეღავათს ითვალისწინებს ბენეფიციარების დასაქმების შემთხვევაში, თუმცა რაკი სარეიტინგო ქულის დაანგარიშების და მასზე შემოსავლის გავლენის მეთოდოლოგია საკმაოდ რთულია, ტერიტორიული ერთეულების თანამშრომლებს უჭირთ ბენეფიციარებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება.

აუდიტის პერიოდში მოპოვებული ინფორმაციით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები 435 619 ბენეფიციარიდან შრომისუნარიანი იყო 202 192 პირი. კვლევამ აჩვენა, რომ საარსებო შემწეობის პროგრამაში არ არსებობს სტაბილურობის გარანტიები ბენეფიციარების დასაქმების შემთხვევაში, რადგან შემოსავლების გაჩენა მყისიერად ცვლის ოჯახის შეფასებას.

პროგრამის ბენეფიციართა შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზმა გამოავლინა, რომ შრომისუნარიან ბენეფიციართა დაახლოებით 20%-ს უფიქსირდებოდა დასაქმებით მიღებული შემოსავალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მომენტში, რაც შესაძლოა, ერთი მხრივ, ბენეფიციარების დაბალ შრომით აქტივობას, ხოლო მეორე მხრივ, არაფორმალური დასაქმების მაღალ დონეს უკავშირდებოდეს.

ასევე ძალიან დაბალია მომზადება-გადამზადების პროგრამებში სოციალურად დაუცველთა ჩართვის მაჩვენებელი. შრომის ბაზარზე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ ბენეფიციარებს არ აქვთ შესაბამისი შრომითი უნარები. აუდიტორების შეფასებით, საჭიროა ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, რაც ბენეფიციარებს პროფესიული მომზადებისა და დასაქმების პროგრამებში ჩართვის მოტივაციას გაუჩენს.

2016 წელს, როცა პროგრამის აუდიტი ჩატარდა, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი 17 664 პირი იყო რეგისტრირებული, მათგან მხოლოდ 7 020 პირი იყო საარსებო შემწეობის მიმღები.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია ნაწილობრივ გაითვალისწინა. 2017 წლის 1 ივნისიდან ყველა ოჯახი, სადაც 2 და მეტი შრომისუნარიანი პირია და სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან გადამოწმებას ითხოვს, ვალდებულია დეკლარაციის შევსებიდან 1 თვის ვადაში დარეგისტრირდეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, არსებობს შესაბამისი რესურსები სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანების მოტივაციის გაზრდისთვის, მაგალითად:

  • შესაძლებელია ადამიანები გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩნენ სოციალური დახმარების მიმღებად დასაქმების შემდეგაც, ვიდრე მათი შემოსავლებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება
  • ან განმეორებითი შეფასების დროს არ მოხდეს მიღებული შემოსავლის გათვალისწინება სარეიტინგო ქულის დაანგარიშებისას
  • ან გაიზარდოს ოჯახების სავალდებულო გადამოწმების პერიოდულობა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემუშავებული არ არის ზუსტი დეფინიცია შრომისუნარიანი ან უმუშევარი პირის შესახებ. ასევე არ არის განსაზღვრული უმუშევრის სტატუსი და არ არსებობს შესაბამისი დახმარება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.