არქივი

რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი გავრცელებული ძალადობის ფორმაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები უფრო გავრცელებულია, ვიდრე ამაზე ოფიციალური მონაცემები მიუთითებს, რადგან მსხვერპლი ყოველთვის არ მიმართავს შესაბამის სამსახურს დახმარებისთვის. 2017 წელს, 2013 წელთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, რაც შესაძლოა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით იყოს გამოწვეული. 2017 წელს ოჯახში ძალადობის ინციდენტზე „112-ში“დაფიქსირებულია 22,478 შეტყობინება, ხოლო შსს-ს მიერ რეგისტრირებულია 2,192 ოჯახური დანაშაულის შემთხვევა. 2018 წლის სტატისტიკით, ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია.
რამდენად ეფექტურია  ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტიანია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობის ადგილზე გამოძახებული პატრული თუ უბნის ინსპექტორი არ ფლობენ ინფორმაციას ინციდენტის ისტორიასთან დაკავშირებით, რაც ზრდის შემთხვევაზე არაადეკვატური რეაგირების რისკს. აღნიშნული განპირობებულია ერთი მხრივ, ერთიანი საინფორმაციო ბაზის არარსებობით და მეორე მხრივ, არსებულ ინფორმაციაზე ზოგიერთი რანგის პოლიციელის შეზღუდული წვდომით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აუდიტის პერიოდში არ ხდებოდა მსხვერპლის უსაფრთხოების კონტროლი დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემის შემდეგ. ძირითადად, პასუხისმგებელი მხარეები ძალადობის განმეორებითი ფაქტის შესახებ თავად მსხვერპლის მიმართვის შემდეგ იგებდნენ.

სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა ნიშნავს, რომ მოძალადემ უნდა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, რითაც დაზარალებულს საცხოვრებლით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება. ასეთი პრაქტიკა აქტიურად გამოიყენება ევროპის მრავალ ქვეყანაში და მისი მიზანია ბარიერი შეუქმნას მოძალადეს, რაც მას ძალადობის განმეორების სტიმულს დაუკარგავს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას. საქართველოს პრაქტიკით კი, რიგ შემთხვევებში, საცხოვრებელი ადგილიდან მსხვერპლის და მასზე დამოკიდებული პირების გარიდება ხდება.

ძალადობის განმეორებითი ფაქტის მონიტორინგს ეფექტურად ვერც სოციალური სამსახური ახორციელებს, რადგან სოციალურ მუშაკთა რაოდენობა არ იძლევა მათ პრევენციულ ღონისძიებებში ჩართვის საშუალებას. გაზრდილი მიმართვიანობის პირობებშიც კი, 2018 წელს სოციალურ მუშაკთა რაოდენობამ არათუ მოიმატა, პირიქით, 279-დან 255-მდე შემცირდა. საქართველოში 100 ათას მოსახლეს შვიდი სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი.

საერთაშორისო პრაქტიკით, ოჯახში ძალადობის საწყის ეტაპზე პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად ითვლება ქცევის კორექციის კურსი. მართალია, საქართველოში კანონით გათვალისწინებულია მოძალადის მიერ ქცევის კორექციის კურსის გავლა, მაგრამ მსგავსი სერვისი რეალურად არ არსებობს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.