არქივი

რამდენად იყო ჩართული მოსახლეობა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა და საკუთარი როლის გაცნობიერება მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების გარკვეული ნაწილი სწორედ საკარმიდამო ნაკვეთებსა და ეზოებშია მოქცეული.  უფრო მეტიც, აზიური ფაროსანას გამოზამთრებისა და გამრავლების ადგილები შენობების სახურავები და ნაპრალებია. ამ დროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული 945 ჩანაწერიდან  270 შემთხვევაში (29%) მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების, პესტიციდების გამოყენების ინსტრუქციის და სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ ცხელ ხაზზე შემოსული ზარებიდან 590 შემთხვევაში (62%), მოსახლეობა ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას და მათი კუთვნილი ბაღების დამუშავებას. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ  თავად მოსახლეობას არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი მავნებლებთან ბრძოლის საკითხში.
მოსახლეობის ჩართულობა  ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში

სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც  მავნე მწერების შემოჭრას პრევენციული  ღონისძიებებით ებრძვიან, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის მასშტაბურ პროგრამებს ახორციელებენ.  მთავრობების მიერ შემუშავებული პროგრამები  მოიცავს  როგორც საინფორმაციო და საცნობარო  მასალების მიწოდებას, ასევე პირისპირ კომუნიკაციას მოსახლეობასთან. უფრო მეტიც, მოსახლეობას  დასურათებულ დოკუმენტებსაც  კი ურიგებენ და უხსნიან, როგორ გაარჩიოს მავნე მწერი უვნებლისგან. მაგალითად, ავსტრალიაში ფაროსანას ფოტოები და აღწერილობა გაავრცელეს  და მოსახლეობას მოუწოდეს, სასწრაფოდ შეატყობინოს შესაბამის სამსახურს  ასეთი მწერის აღმოჩენის შემთხვევაში.

საქართველოშიც შემუშავდა მსგავსი სტრატეგია, სლოგანით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2017-2018 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 900,000 ლარი გამოიყო. საინფორმაციო კამპანიის ძირითად წყაროს წარმოადგენდა მედია, სოციალური ქსელები, ბეჭდური მასალები და მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობა.

აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოყენებული ინფორმირების მექანიზმები საჭირო, თუმცა არასაკმარისი იყო –  მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოჯახს  გადაეცა ერთი ლიტრი პესტიციდი და საინფორმაციო ბეჭდური მასალა  სახლის პირობებში მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების, პესტიციდების გამოყენებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ  მოსახლეობისთვის სხვადასხვა საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მცდელობის მიუხედავად, ფაროსანას პოპულაციის  წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობა არ იყო აქტიური და სისტემური. ასევე, არ ხდებოდა მონიტორინგი, იყენებდა თუ არა მოსახლეობა დარიგებულ საშუალებებს მიზნობრივად და ინსტრუქციის შესაბამისად.

მაგალითისთვის, სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს 230,000 ოჯახს გადაეცა ინსექტიციდი. თავად სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულია 734 ბენეფიციარი, მათგან  25%-ს პესტიციდი საერთოდ არ გამოუყენებია.

აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ მცენარეთა დაცვის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობის ცნობიერების დონის გაუმჯობესებისთვის, შესაძლოა, უფრო პროდუქტიული და ეფექტიანი იყოს მათთვის ინფორმაციის უშუალოდ მიწოდება, ფოკუსჯგუფების განსაზღვრა პრიორიტეტების მიხედვით და ტრენინგების ჩატარება არა მხოლოდ აზიური ფაროსანას, არამედ, ზოგადად, მავნებლების წინააღმდეგ მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობის და ბრძოლის მეთოდების შესახებ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.