არქივი

რამდენად უზრუნველყოფილია ინფექციის პრევენცია და კონტროლი?


ინფექციის პრევენცია და კონტროლი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის. სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები, როგორც ფართოდ გავრცელებული გართულება, არა მხოლოდ დიდ გავლენას ახდენს პაციენტის ავადობაზე, არამედ საგრძნობლად ზრდის სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დროის ნებისმიერ მომენტში 100 ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან საშუალოდ 7-10 პაციენტი ინფიცირდება მინიმუმ ერთ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციით. ასევე ჯანმო მიუთითებს, რომ განვითარებად ქვეყნებში ინფექციების სტატისტიკა არ არის სანდო, რასაც საქართველოს მაგალითიც ადასტურებს: ჩვენთან 3,7 მლნ საშუალოდ წლიურად ფიქსირდება სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის 200 შემთხვევა მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის იმავე რაოდენობაზე აღრიცხულია დაახლოებით 20 ათასი შემთხვევა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული მექანიზმები ინფექციის პრევენციისა და კონტროლის შესაძლებლობას. აუდიტის შედეგად აღმოჩდა, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც ხელს უნდა უწყობდეს სახელმწიფო დონეზე ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.

აუდიტორების შეფასებით, სტატისტიკის არასანდოობის პირობებში, შეუძლებელია ინფექციების პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება. საერთაშორისო პრაქტიკ­ა აჩვენებს, რომ სანდო აღრიცხვიანობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება პრევენციული ღონისძიებები და მცირდება მკურნალობის ხარჯები. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ინგლისის ჯანდაცვის სისტემამ 2006-2008 წლებში 97 მლნ-დან 204 მლნ ფუნტ სტერლინგამდე დაზოგა მხოლოდ ერთი – ნოზოკომიური ინფექციის 41%-ით შემცირების ხარჯზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი სტაციონარები არ გამოირჩევიან ინფექციების კონტროლის მაღალი სტანდარტებით. 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის 10 სტაციონარში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებათა ნახევარმა ვერ დააკმაყოფილა ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა: ინფექციების კონტროლის სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, სტერილიზაცია/დეზინფექცია, უსაფრთხო ინექციების პრაქტიკა, ხელების ჰიგიენა, პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ნოზოკომიური ინფექციების საინჟინრო კონტროლი.

ანგარიშში მნიშვნელოვანი მიგნებაა სანებართვო პირობები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს ავალდებულებს ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვას, მართვას, ზედამხედველობას და კონტროლს. თუმცა, როგორც აუდიტორები აღნიშნავენ, ამავე სანებართვო პირობებით სტაციონარულ დაწესებულებებს არ მოეთხოვებათ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებთან წვდომის დადასტურება, რის გარეშეც შეუძლებელია ნოზოკომიური ინფექციების დადასტურება, მკურნალობა და შემდგომი პროფილაქტიკა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.