არქივი

რამდენად უზრუნველყოფილია ჯანსაღი კონკურენტული გარემო

კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და სიღარიბის შემცირებისთვის. ჯანსაღი კონკურენციით, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მეტი სარგებელი ნაკლებ ფასად და უკეთესი ხარისხით. ინვესტორებისთვის კი კონკურენტული გარემო, ქვეყანას უფრო მიმზიდველს ხდის, რაც, შესაბამისად, ზრდის შიდა თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას.
კონკურენციის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის იურისდიქცია და ეკონომიკური გარემო, სადაც ბიზნესსუბიექტებს უწევთ საქმიანობა.
სახელმწიფოს და შესაბამისი ინსტიტუციების მიზანია ხელი შეუწყონ კონკურენციის განვითარებას და აღკვეთონ ყველა ის ქმედება, რომელიც არასამართლიან გარემოში აყენებს ბაზარზე მოთამაშეებსა და მომხმარებლებს. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ქმედებები და შესაბამისი მარეგულირებელი ნორმები მძიმე ტვირთად არ დააწვეს ბიზნესსექტორს, სადაც დაცული უნდა იყოს როგორც ბიზნესის, ასევე მომხმარებელთა უფლებები. ბოლო პერიოდში საზოგადოებაში აქტუალურია კონკურენტულ გარემოსთან დაკავშირებული ისეთი სეგმენტები, სადაც მომხმარებლებს ყოველდღიური შეხება აქვთ.
საკითხის აქტუალურობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად საკმარისია ქვეყანაში არსებული რეგულაციები ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებისთვის.

საქართველოში კონკურენციის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს სსიპ კონკურენციის სააგენტო, როგორც დამოუკიდებელი უწყება.
მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლენა, ასევე მოსალოდნელ კონცენტრაციებსა და სახელმწიფო დახმარებების გაცემის მიზანშეწონილობაზე გადაწყვეტილების მიღება.
აუდიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ სააგენტოს არ აქვს დამტკიცებული შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია, ხოლო სამოქმედო გეგმა არის ზოგადი და საჭიროებს დეტალიზებას. ასევე სააგენტო ბაზრის შესწავლას არ ახორციელებს რისკზე დაფუძნებული მიდგომით. შესაბამისად, მაღალია ისეთი სფეროების შესწავლის ალბათობა, სადაც, შესაძლოა, აგენტების მხრიდან ანტიკონკურენციული ქმედებები საერთოდ არ გამოვლინდეს ან მათი გავლენა იყოს უმნიშვნელო. ასევე არსებობს რისკი იმისა, რომ სააგენტოს ყურადღების მიღმა დარჩეს ისეთი ბაზრები, სადაც სათანადოდ არ არის დაცული კონკურენტული გარემო და მომხმარებელთა ინტერესები.
გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც შესწავლილია ისეთი ბაზრები, სადაც კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებები არ ვლინდება, თუმცა სააგენტო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს შემოწმებას.

2014 წლიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით, სააგენტომ 41 საქმე შეისწავლა და კანონდარღვევა 14 შემთხვევაში გამოავლინა.
სააგენტოს ბაზრის მონიტორინგის პროცედურები განხორციელებული აქვს ეკონომიკური სუბიექტებიდან შეზღუდულად მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ გაანალიზდებოდა ყველა საჭირო მონაცემი.

საერთაშორისო პრაქტიკა

როგორც საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში სწორად განსაზღვრული ინდიკატორები კონკურენციის სააგენტოებს ეხმარება, უკეთ შეაფასონ გაწეული საქმიანობის შედეგები. აუდიტორებმა შეისწავლეს ბრიტანეთის კონკურენციის სააგენტოს ანგარიში, სადაც სხვა ქვეყნების მაგალითებთან ერთად, ნაჩვენებია ის მონეტარული შედეგები, რომელთა მიღწევა შესაძლებელი გახდა კონკურენციის სააგენტოების მიერ თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების შედეგად. უფრო კონკრეტულად:

• ბრიტანეთში გარკვეულ სექტორებში კარტელის აღმოჩენა გახდა ამავე ბაზრებზე ფასების (20%-დან 40%- მდე) მკვეთრი შემცირების მიზეზი
• სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის მხარდამჭერი რეფორმების შედეგად, ბრიტანეთში დასაქმების დონე გაიზარდა 2.5%-დან 5%-მდე
• ავსტრალიაში მთლიანი შიდა პროდუქტი, კონკურენციის პოლიტიკის რეფორმების შედეგად, გაიზარდა 2.5%-ით
• კომპანიების გაერთიანების კონტროლის შედეგად, ნიდერლანდების სამეფო ყოველწლიურად იღებს სარგებელს 100 მლნ ევროს ოდენობით
• კარტელების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, აშშ-ში მოსახლეობის დანაზოგმა შეადგინა 1.85 მლრდ დოლარი.

კომპანიების შერწყმის პროცესის კონტროლი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აუდიტორული მიგნება უკავშირდება ბაზარზე კომპანიების შერწყმის პროცესს, რაც ერთი მხრივ, განაპირობებს პოზიტიურ ეკონომიკურ ცვლილებებს, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის რისკებს, ვინაიდან შესაძლოა გაერთიანების პროცესმა გამოიწვიოს კონკრეტული მოთამაშის დომინანტური პოზიციის გაძლიერება, გაზარდოს ფასები და შეამციროს ინოვაციური შეთავაზებები.
აუდიტორებმა ევროპული ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დოკუმენტების მაგალითზე შეისწავლეს, რამდენად დიდ ყურადღებას ანიჭებენ კონკურენციის სააგენტოები სხვადასხვა კომპანიის შერწყმის პოზიტიურ თუ ნეგატიურ გავლენას ეკონომიკაზე და ასევე, რამდენად მკაცრია სანქციები არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების მიმართ.
მაგალითისთვის, 2018 წელს ევროკომისიამ 128 მლნ ევროთი დააჯარიმა კომპანია, რომელმაც სხვა კომპანიის ფინანსური კონტროლი დაიწყო კომისიისგან შესაბამისი თანხმობის მიღებამდე. 110 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა კომპანიას, რომელმაც ევროკომისიას მცდარი მონაცემები მიაწოდა კომპანიაზე, რომლის შესყიდვაც განზრახული ჰქონდა.
პოლონეთში შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, როდესაც კომპანიების ბრუნვა ჯამურად აღემატება 50 მლნ ევროს. სააგენტოს გვერდის ავლით გაერთიანების მცდელობისთვის, მაქსიმალური ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება წინა წლის ჯამური ბრუნვის 10%-ით. ლიეტუვაში 2018 წელს, სააგენტოს შეტყობინების გარეშე განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად, სხვადასხვა კომპანიის ჯარიმის ოდენობამ შეადგინა ერთი მლნ ევრო.
სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის სააგენტოებს სხვადასხვა სანქცია აქვთ დაწესებული ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის: პოლონეთში, სააგენტოს გვერდის ავლით გაერთიანების მცდელობისთვის, მაქსიმალური ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კომპანიის წინა წლის ჯამური ბრუნვის 10%-ით. ლიეტუვაში კი, სააგენტოს შეტყობინების გარეშე განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად, 2018 წელს კომპანიები ერთი მლნ ევროთი დაჯარიმდნენ.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს ეკონომიკურ სუბიექტებს, რომ მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ აცნობონ კონკურენციის სააგენტოს, თუმცა სააგენტოს კანონდამრღვევთა აღმოჩენისა და დაჯარიმების ქმედითი მექანიზმები არ გააჩნია.
აუდიტის ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ სააგენტოს არ აქვს მოსალოდნელი კონცენტრაციების გამოვლენის შესაძლებლობა და არც სააგენტოს გვერდის ავლით გაერთიანებული კომპანიების განცალკევების საშუალება. შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა, სააგენტოს თანხმობის გარეშე მოახერხონ შერწყმა, რადგან გაერთიანების შესახებ შეტყობინება მთლიანად მათ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

ცნობიერების არასაკმარისი დონე

ჯანსაღი კონკურენციის დამაბრკოლებელ ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა მომხმარებლების და ბიზნესსექტორის ცნობიერების არასაკმარისი დონე, რის შედეგად შესაძლოა როგორც ეკონომიკურ აგენტებს, ასევე მოქალაქეებს არ გააჩნდეთ სათანადო ინფორმაცია, ვის უნდა მიმართონ მათ წინააღმდეგ კონკურენციის წესების დარღვევის შემთხვევებში საკუთარი უფლებების დასაცავად.
ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ბრიტანული გამოცდილება. ბრიტანეთმა კარტელის მნიშვნელობის მიმართ ცნობიერების ამაღლებისთვის თანამედროვე ციფრული მარკეტინგი გამოიყენა, დანერგა კამპანია Stop Cartels და მოიზიდა 21 მლნ დაინტერესებული პირი. კამპანიის შედეგად, 41%-ით გაიზარდა „ცხელ ხაზზე“ კარტელებთან დაკავშირებული მომართვიანობა.
ინფორმირებულების დაბალი დონე წარმოშობს რისკს, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა და მოქალაქეებმა ბოლომდე ვერ გააცნობიერონ, რა ქმედებები მიუთითებს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაზე, რაც შესაძლებელია მათ მიერ ან მათ წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერად განხორციელებული ქმედებების წინაპირობა იყოს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევა ძირითადად მიღებულ განცხადებებსა და საჩივრებს ეფუძნება. არასაკმარისი ინფორმირებულობის პირობებში კი, შესაძლოა, მხედველობის მიღმა აღმოჩნდეს ისეთი ბაზრის სეგმენტები, სადაც არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია არცთუ თვალსაჩინოა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.