არქივი

რა გამოწვევების წინაშეა დედაქალაქის განაშენიანების პროცესის მართვა

სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და ურბანულ განვითარებაზე. საქართველოში მშენებლობების უდიდესი ნაწილი თბილისზე მოდის და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. სამშენებლო სექტორის სწრაფი ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი საკანონმდებლო ლიბერალიზაცია იყო, რამაც პოზიტიურ მხარეებთან ერთად, მნიშვნელოვანი საფრთხეები შეუქმნა დედაქალაქის მდგრად ურბანულ განვითარებას. პრობლემების საპასუხოდ, დედაქალაქის მერიამ ურბანული მართვის მიდგომებისა და სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურების შეცვლა 2018 წლიდან დაიწყო, ხოლო ახალი გენერალური გეგმა 2019 წელს დაამტკიცა და ცვლილებები განახორციელა როგორც საკანონმდებლო, ასევე ორგანიზაციული კუთხით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 2011-2019 წლებში დედაქალაქის განაშენიანების პროცესის სამი მიმართულება: გაცემული ნებართვების საფუძველზე აშენებული და ასაშენებელი შენობების რაოდენობა და პარამეტრები; კანონმდებლობის დაცვა ნებართვის გაცემის დროს; სანებართვო პროცესის გავლენა საცხოვრებელი გარემოს ხარისხზე.

გაცემული ნებართვების სტატისტიკა და მახასიათებლები

დედაქალაქში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინტენსიურად გაიცემოდა სამშენებლო ნებართვები და მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობდა. ამას ხელს უწყობდა არასამშენებლო ზონების ათვისებისა და დადგენილი ინტენსივობის კოეფიციენტის ზრდის პრაქტიკა. აუდიტის პერიოდში ინტენსიურად ხდებოდა რეკრეაციული ზონების ათვისება სამშენებლო მიზნებით. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) მატება კანონით დადგენილი გამონაკლისის ნაცვლად წესად იქცა და მასშტაბური ხასიათი მიიღო. შესწავლილი საცხოვრებელი ფუნქციის შენობებზე გაცემული ნებართვებიდან საშუალოდ ყოველ მესამეში კ2 გაზრდილი იყო. აუდიტის პერიოდში 270 ჰექტარზე კ2 კოეფიციენტი ჯამურად 50%-ით გაიზარდა, რაც, შესაბამისად, 50%-ით მეტის აშენების უფლებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ აუდიტის პროცესში ვერ მოხერხდა გაცემული ნებართვების საფუძველზე აშენებული შენობების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგანაც ხშირად იყო შემთხვევები, როცა შენობა დასრულებულია, თუმცა ექსპლოატაციაში არ არის მიღებული და მაინც გამოიყენება საცხოვრებლად. 2019 წლის მდგომარეობით, დედაქალაქში მინიმუმ 650 შენობა არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში, თუმცა გამოიყენებოდა საცხოვრებლად.

სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესში საკანონმდებლო ნორმებისა და კარგი საჯარო მმართველობის პრინციპების დაცვა

2018 წლამდე, კ2 კოეფიციენტის ზრდის დროს არ ხდებოდა შესაბამისი დასაბუთება გადაწყვეტილების მიმღები კომისიის მიერ. 2018 წლიდან კომისია გაუქმდა და მკვეთრად მოიკლო კ2 კოეფიციენტის ზრდის შემთხვევებმა.
კ2 კოეფიციენტის ზრდა, გაზრდილი კოეფიციენტის შესაბამისი ნებართვის მოპოვების შემთხვევაში, დაკავშირებული იყო სპეციალური მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებასთან. დედაქალაქის მერია სათანადოდ არ აღრიცხავდა მისაღები მოსაკრებლის თანხებს. მენაშენეთა მხრიდან მოსაკრებლის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მერია არ ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს. შედეგად, აუდიტის პერიოდში დედაქალაქის ბიუჯეტმა, აუდიტორული გათვლებით, ვერ მიიღო დაახლოებით 50 მილიონი ლარი, რაც შეიძლებოდა ურბანული პრობლემების მოსაგვარებლად გამოყენებულიყო.

სანებართვო პირობებსა და პროცედურებში  განხორციელებული ცვლილებების გავლენა საცხოვრებელი  გარემოს ხარისხზე

აუდიტის პერიოდში ნებართვის გაცემის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. სავალდებულო გახდა სატრანსპორტო, სახანძრო და გამწვანების საკითხების გათვალისწინება. მიუხედავად ამისა, ნებართვის გაცემის შედეგად ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
მაგალითად, ასეთ საკითხს წარმოადგენს შენობებს შორის სათანადო დაშორება, რაც აუცილებელია ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნისათვის. მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, მოქმედი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს შენობებს შორის რეკომენდებული დაშორებისათვის სათანადო საფუძვლების არსებობას.
ასევე მნიშვნელოვანია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მოსახლეობის სათანადო ჩართულობა და მათი აზრის გათვალისწინებაც. არსებული პრაქტიკა მოსახლეობის ინფორმირებას გულისხმობს, თუმცა ამ მიმართულებითაც არსებობს ხარვეზები. მოქალაქეთა ინფორმირება საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი მშენებლობის შესახებ მათ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს, თუ ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენენ.
მთლიანობაში, ურბანული მართვის კუთხით გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა დაგროვილი პრობლემები დიდ გამოწვევას წარმოადგენს და ეფექტიან გადაჭრას საჭიროებს.
აუდიტის შედეგად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაციები ორი მიმართულებით: მიზანშეწონილია მოსაკრებლის დავალიანების დაზუსტება და ამოღების ღონისძიებების გატარება; ასევე, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით მიზანშეწონილია შენობათა დაშორების/ურთიერთგანთავსების უკეთესი წესების შემუშავება, მოსახლეობის ჩართულობის უფრო ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა და სატრანსპორტო საკითხების მეტად გათვალისწინება ნებართვის გაცემის დროს.

ავტორი: ბიძინა მაყაშვილი, წამყვანი აუდიტორი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.