არქივი

როგორ ყიდულობს მთავრობა სახელმწიფო მიწებს

მიწისა და წყლის კონსერვაციის ფონდი (LWCF) არის აშშ-ის სახაზინო სამსახური, რომელიც დაარსდა 1965 წელს სუფთა ჰაერზე დასვენების ხელმისაწვდომობის შენარჩუნების, განვითარებისა და უზრუნველყოფის მიზნით. ორგანიზაციის ყოველწლიური ბიუჯეტი 900 მლნ აშშ დოლარია, რაც, პირველ რიგში, ნავთობისა და გაზის იჯარის გადასახადებიდან ივსება. GAO-მ შეისწავლა 2014-2018 წლებში ფონდის მიერ განხორციელებული პროგრამები, ასევე 2013-2017 წლებში LWCF-ის თანხებით შეძენილი ფედერალური მიწები, შესყიდვის მიზეზები და მეთოდები.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესი მიწისა და წყლის კონსერვაციის ფონდიდან თანხებს გამოჰყოფს სხვადასხვა პროგრამისთვის, რომელთა რეალიზებაზე პასუხისმგებელია ოთხი ფედერალური სააგენტო:

მიწის მართვის ბიურო − მართავს საჯარო მიწებს, რათა მხარი დაუჭიროს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა, სუფთა ჰაერზე დასვენება, საძოვრების გამოყენება, ტყის მასალის გამოყენება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და კონსერვაცია.

თევზისა და ველური ბუნების სამსახური − მართავს ველური ბუნების ნაკრძალებს, ჭაობებს და ზონებს, რომლებიც ხელს უწყობს  ველური ბუნების მობინადრეთა კონსერვაციასა და აღდგენას.

ეროვნული პარკების სამსახური − მართავს მიწის ერთეულებს, როგორებიცაა, ეროვნული პარკები, და ისტორიული ადგილები, რათა შენარჩუნდეს  და საზოგადოებრივ სარგებლობაში მოექცეს მიწები და ბუნებრივი რესურსები.

ტყეების სამსახური − მართავს ეროვნულ ტყეებსა და საძოვრებს, აგრეთვე ხელს უწყობს ამ ადგილებში დასვენებას, საძოვრებისა და ტყის მასალის გამოყენებასა და კონსერვაციას.

GAO-ს ინფორმაციით, 2014-2018 წლებში აღნიშნულმა სააგენტოებმა მიიღეს თითქმის 1.9 მლრდ დოლარი მიწისა და წყლის კონსერვაციის ფონდისგან: ამ ფულის თითქმის ნახევარი დაიხარჯა მიწების შეძენაზე, ხოლო მეორე ნახევარი − მიწების კონსერვაციასა და რეკრეაციული ზონების მიმართულებით.

2013-2017 წლებში  სააგენტოებმა  LWCF-ის თანხებით თითქმის 345 000 ჰა მიწა შეიძინეს ველური ბუნების დაცვისა და რეკრეაციული ზონების გაფართოვების მოტივით. ამ მიწების ნახევარზე მეტის შეიძინეს შეუზღუდავი საკუთრების, ნახევარი კი − მხოლოდ ნაწილობრივი საკუთრების უფლებით.

როგორ ხდება სახელმწიფო მიწების შეძენა

სააგენტოები, ჩვეულებრივ, მიწებს ყიდულობენ:

  • მიწის მფლობელისგან  პირდაპირი შესყიდვის წესით
  • მიწის მფლობელისგან მიწას იძენენ  შემოწირულობის სახით
  • ცვლიან ფედერალურ მიწას კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე ან სხვა სახის საკუთრებაზე, როგორიცაა, ხის მასალა

შესაძენი მიწების შერჩევის პროცესის განხილვისას, GAO-მ აღმოაჩინა, რომ:

  • მიწის მართვის ბიურო არ ინახავს ცენტრალიზებულ მონაცემებს იმის შესახებ, როგორ ყიდულობს მიწებს მიწისა და წყლის კონსერვაციის ფონდის თანხებით, რადგან მსგავსი ინფორმაცია ბიუროს მონაცემების სისტემის შემუშავების პროცესში თავიდანვე არ მიიჩნიეს აუცილებლად. ბიუროს ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი აპირებდნენ მონაცემთა სისტემაში ცვლილებების შეტანას, თუმცა ცვლილებების საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია
  • ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც ბიუროს მონაცემთა სისტემაში შევიდა, არ იყო სწორად კოდირებული. შესაბამისად, ბიურომ აქამდე შეძენილი მიწების იდენტიფიცირებაც  კი ვერ უზრუნველყო

GAO-ს რეკომენდაციების თანახმად, შინაგან საქმეთა მდივანმა უნდა დაავალოს მიწის მართვის ბიუროს, ცენტრალიზებული წესით შეაგროვოს მონაცემები LWCF-ის თანხებით მიწის შესყიდვის მეთოდების შესახებ და უზრუნველყოს მონაცემთა ბაზაში ზუსტი ინფორმაციის აღრიცხვა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.