არქივი

საგზაო მოძრაობის წესების სისტემატურად დამრღვევი მძღოლებისთვის სასჯელი გამკაცრდება

საგზაო მოძრაობის წესების სისტემატურად დამრღვევი მძღოლებისთვის სასჯელი გამკაცრდება

მძღოლები, რომლებიც სისტემატურად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, ხშირად ხდებიან ფატალური შედეგით დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზები. ამ ფონზე, კანონმდებლობაში არსებული სხვადასხვა სახის ხარვეზის გამო, ვერ ხერხდება საჭირო და პროპორციული სანქციების გამოყენება.

ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2011-2018 წლებში 10 მძღოლზე ირიცხება 622 ერთეული ჯარიმა (805.72 ათასი ლარი). აქედან, სულ გადაუხდელია 591 ერთეული ჯარიმა (800.09 ათასი ლარი), საიდანაც 546 ჯარიმა, ანუ 92.4% (749.2 ათასი ლარი, ანუ 93.6%) გადაცემულია აღსასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სისტემატურად დამრღვევი პირებისთვის ადეკვატური ჯარიმის დაკისრებას ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული კოდექსის ზოგიერთი მუხლი. მაგალითისთვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ არის იმ მუხლების მოთხოვნების სისტემატურად დარღვევების შემთხვევაშიც კი, რომლებიც ადგენენ სახდელის ოდენობას მანქანის მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირს უკვე შეჩერებული აქვს ან საერთოდ არ გააჩნია მართვის უფლება.

აუდიტის პროცესში გამოვლინდა შემთხვევები, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას და რეაგირებას საჭიროებს:

  • მოქალაქე, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა სხვა მოქალაქის სახელზე გაფორმებულ ავტომანქანას. მძღოლი 233-ჯერ დააჯარიმეს და მთლიანობაში, 323.5 ათას ლარზე მეტის გადახდა დააკისრეს, თუმცა მას გადახდილი აქვს ჯარიმების 2.7% (870 ლარი)
  • ერთ-ერთი მძღოლი (2013-2017 წლები) დაჯარიმებულია 108-ჯერ და მასზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 151 ათას ლარს გადააჭარბა, თუმცა მხოლოდ 4 ჯარიმაა გადახდილი, ჯამში 120 ლარი (0.08%)
  • ერთ-ერთი მოქალაქე დაჯარიმებულია 66-ჯერ, რისთვისაც ჯამურად 93 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს, რაც არ გადაუხდია
  • ერთ-ერთი მოქალაქისთვის ჯარიმა გამოწერილია 12 სხვადასხვა ავტომანქანის მართვისას. სამართალდარღვევა უკავშირდება საგზაო მოძრაობის წესების ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ავტომანქანის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში (28 ჯარიმა), ან მართვის უფლების შეჩერების პირობებში (34 ჯარიმა), რასაც თან ახლდა საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებიც. მიუხედავად ამისა, მძღოლისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება ერთხელაც არ განხორციელებულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ საგზაო მოძრაობის წესების სისტემატურად დამრღვევი მძღოლოებისთვის სასჯელი უნდა გამკაცრდეს, აუდიტორების მომზადებული რეკომენდაციების შესრულება კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების ტენდენციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის წესების სისტემატურად დამრღვევი მძღოლების მიმართ ზომების გამკაცრებას. ინიციატივა ითვალისწინებს პატიმრობას გრძელვადიანი ადმინისტრაციული წესით.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.