არქივი

საირიგაციო ტექნოლოგიები წყლის დეფიციტის შემთხვევაში

მიუხედავად იმისა, რომ საირიგაციო სისტემა ათასწლეულებს ითვლის, ეს ტექნოლოგია დღემდე ვითარდება და უმჯობესდება. 2015 წელს აშშ-ის მასშტაბით ირიგაციაში 75-115 ტრილიონი ლიტრი წყალი დაიხარჯა უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც წყალი შედარებით მცირე რაოდენობით მოიპოვება და ატმოსფერული ნალექიც იშვიათია. აშშ-ის აუდიტის ოფისმა (GAO) შეისწავლა, რამდენად ეფექტიანია ხელოვნური მორწყვის მეთოდი წყლის დეფიციტურ ადგილებში და როგორია სამთავრობო სტრატეგია წყლის კონსერვაციის მიმართულებით.

აშშ-ში საირიგაციო სისტემებისთვის მტკნარი წყლის 40%-ზე მეტი იხარჯება. ფედერალური მთავრობა ფერმერებს სთავაზობს, შეარჩიონ სარწყავი ტექნოლოგიებისა და წყლის კონსერვაციის ისეთი მეთოდები, რომლითაც უკეთ შეძლებენ ეკონომიურად მოიხმარონ მტკნარი წყალი, რომელიც სულ უფრო მეტად შეზღუდული ბუნებრივი რესურსი ხდება.

მაგალითად, ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ მიკროირიგაციის მეთოდით (დაბალწნევიანი სისტემის გამოყენება), სასხურებლით (წყლის მიწოდება სპეციალური მოწყობილობით) და გრავიტაციული სისტემით (როცა წყლით იტბორება მინდორი ან წყალი მიზიდულობის ძალით მიედინება პატარა არხებში).

გარდა ამისა, არსებობს სხვა ტექნოლოგიებიც, მაგალითად, ირიგაციის დაგეგმვა, რომელიც თავიდან ააცილებს ფერმერებს წყლის ზედმეტ გამოყენებას და ასევე: ზუსტი მიწათმოქმედების მეთოდი, როგორიცაა, ნიადაგის ნესტიანობის სენსორები, სმარტფონებით ან კომპიუტერული პროგრამებით პროცესების დისტანციური მართვა.

რეალურად კი, ფერმერები ამჯობინებენ ისეთი საირიგაციო სისტემების შეძენას, რომლებიც ხელს შეუწყობს უკეთესი მოსავლის მიღებას, გაუზრდით შემოსავალს და შეუმცირებთ ხარჯებს. შესაბამისად, GAO-მ ვერ აღმოაჩინა ვერცერთი მტკიცებულება, როცა ფერმერებისთვის წყლის კონსერვირება გახდა ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლის მიზანი. აუდიტორების შეფასებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი სწორედ ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის ნაკლები ხელმისაწვდომობაა.

თუმცა, როგორც GAO-ს კვლევამ აჩვენა, მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა არ არის საკმარისი წყლის კონსერვაციისთვის. აუდიტის ანგარიშის თანახმად, იმ ფერმებში, რომლებშიც თანამედროვე საირიგაციო სისტემები დაინერგა, წყლის ეკონომიის მიმართულებით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, გარდა რამდენიმე შემთხვევისა. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია ბაღები და ვენახები, სადაც მიკროირიგაციაზე გადასვლამ თითოეულ ჰექტარზე ნაკლები წყლის გამოყენება გამოიწვია.

ასევე საყურადღებოა, რომ ეკონომიაზე გათვლილ ტექნოლოგიებს თან ახლავს მნიშვნელოვანი რისკი, რომელმაც შესაძლოა წყლის გადახარჯვაც გამოიწვიოს. მაგალითად, ფერმერმა შესაძლოა ბიზნესის გაფართოება და მიწების შესყიდვა სწორედ ეკონომიური საირიგაციო სისტემების ხარჯზე გადაწყვიტოს და გადაერთოს ისეთი კულტურების მოყვანაზე, რომლებიც მეტ წყალს მოითხოვს.

GAO-ს რეკომენდაციებით, მთავრობამ ხელი უნდა შეეწყოს წყლის დეფიციტით გამორჩეულ რეგიონებში უფრო ეფექტური საირიგაციო ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა, მაგალითად, ნიადაგის ტენიანობის სენსორები და მეტეოსადგურები. GAO თვლის, რომ ორივე ზემოთ მითითებულ ვარიანტს აქვს პოტენციალი, შეამციროს ირიგაციისთვის გამოყენებული წყლის რაოდენობა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.