არქივი

სამედიცინო ისტორია − პაციენტის უფლებები

თუ პაციენტი სამედიცინო ისტორიის ასლს მოითხოვს, სამკურნალო დაწესებულებამ ის უნდა დააკმაყოფილოს, – ასეთია კანონი. თუმცა, ბევრი ბენეფიციარისთვის, კანონსა და რეალობას შორის საკმაოდ დიდი ნაპრალი შეიძლება არსებობდეს. აშშ აუდიტის ოფისმა (GAO) შეისწავლა პროვაიდერებსა და პაციენტებს შორის სამედიცინო ისტორიების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები და დაადგინა, რომ ხშირად პაციენტები დოკუმენტების ასლების მიღებაში არარეალურად მაღალ ფასს იხდიან. ასევე გაირკვა, რომ სამედიცინო დაწესებულებამ შესაძლოა მომხმარებელს გადასახადი დაუწესოს მოთხოვნებზე პასუხის გაცემაშიც კი, მაგალითად, თანამშრომლის მიერ დახარჯული დროის საფასურად. როგორც გამოვლინდა, ხშირად პაციენტებმა არც კი იციან, რომ აქვთ იურიდიული უფლება შეეწინააღმდეგონ კლინიკას, რომელიც სამედიცინო ისტორიის მიწოდებაზე უარს ეუბნება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში „სამედიცინო დაზღვევის მობილურობისა და ანგარიშვალდებულების კანონი“ (HIPAA) სამედიცინო დაწესებულებებს ავალდებულებს, რომ პაციენტებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდონ მათივე სამედიცინო ისტორიები, რომლებშიც ინახება დაცული ინფორმაცია (მაგ. დიაგნოზი, საგადასახადო ინფორმაცია, მედიკამენტები, ანალიზების შედეგები). კანონი საშუალებას აძლევს პაციენტებს, რომ სამედიცინო ისტორია გადაუგზავნონ სხვა პირს ან დაწესებულებას და ამაში გარკვეული, გონივრული საფასური გადაიხადოს. პაციენტის ნებართვის საფუძველზე, მისი სამედიცინო ისტორია შეიძლება მესამე პირმაც მოითხოვოს, მაგალითად, ადვოკატმა ან მეურვემ, რომელიც ბენეფიციარის შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ წარადგენს შესაბამის ცნობას.

GAO-ს მოსაზრებით, საკუთარი უფლებების არცოდნა შესაძლოა საზიანო იყოს, რადგან:
• ზოგიერთმა პაციენტმა არ იცის, რომ საკუთარი სამედიცინო ისტორიის მოთხოვნით დახმარებას კი არ ითხოვს, არამედ ეს მისი კანონიერი უფლებაა
• ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, თავად სამედიცინო დაწესებულებაშიც არაფერი იცოდნენ ამ კანონიერი უფლების შესახებ
• დაწესებულებები თვითნებურად აწესებენ სამედიცინო ისტორიის გაცემის გადასახადს, რომელიც სხვადასხვა კლინიკაში შესაძლოა სხვადასხვა იყოს

სად შეიძლება ინფორმაციის მიღება ან საჩივრის შეტანა

ზოგიერთმა სამედიცინო დაწესებულებამ შექმნა ე.წ. პაციენტების პორტალები − ინტერნეტგვერდები, სადაც პაციენტებს შეუძლიათ საკუთარ სამედიცინო ისტორიებს გაეცნონ. ამ პროცესმა საგრძნობლად შეამცირა მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებებში.

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტს შექმნილი აქვს ვებგვერდი, სადაც პაციენტებსა და სამედიცინო დაწესებულებებს სთავაზობს:

• ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პაციენტს სამედიცინო ისტორიის მიღების უფლება აქვს
• მისამართებს, სადაც პაციენტებს საჩივრის შეტანა შეუძლიათ, თუ ჩათვალეს, რომ უსამართლოდ უთხრეს უარი სამედიცინო ისტორიის გაცემაზე
• ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულებებისთვის „სამედიცინო დაზღვევის მობილურობისა და ანგარიშვალდებულების კანონთან“ (HIPAA) შესაბამისობის შესახებ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.