არქივი

სახელმწიფოს როლი ყოფილი ჯარისკაცების დასაქმებაში

ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ტოვებს სამხედრო სამსახურს და სამოქალაქო ცხოვრებას უბრუნდება. მთავრობის ვალდებულებაა, ყოფილ სამხედროებს, ასევე მათი ოჯახების წევრებს განათლების მიღებასა და კარიერული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. ამ პროცესის მეტი ეფექტურობისთვის, თავდაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამხედრო პირების ჩართვას ე.წ. „გარდამავალი დახმარების პროგრამაში“ (Transition Assistance Program – TAP), რომელიც გულისხმობს ტრენინგებსა და სამუშაო ადგილების მოძიების ხელშეწყობას. აშშ-ის აუდიტის ოფისმა (GAO) შეისწავლა, რამდენად გამართულად მუშაობს აღნიშნული პროგრამა.
სახელმწიფოს როლი ყოფილი ჯარისკაცების დასაქმებაში

ამერიკელი ჯარისკაცები სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდშიც მონაწილეობენ სასწავლო პროგრამებში და ეუფლებიან სამოქალაქო ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, თუმცა რეალურად, სამხედრო სამსახურში მიღებული თეორიული ცოდნა და შერჩეული სპეციალობები, შესაძლოა, სამუშაოს მოძიებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდეს, ასეთია, მაგალითად, გემის სანავიგაციო რადარის მართვის სპეციალობა.

მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად, თავდაცვის დეპარტამენტმა და სანაპირო დაცვის სამსახურმა 300-ზე მეტი დასაქმების ცენტრი გახსნეს ქვეყნის სხვადასხვა წერტილში. სწორედ ეს ცენტრები უწევენ კოორდინაციას „გარდამავალი დახმარების პროგრამას“ (TAP), რომელიც უზრუნველყოფს კონსულტაციებს, დახმარებას დასაქმებაში, ინფორმაციას ვეტერანთა პრივილეგიების შესახებ დემობილიზებული ჯარისკაცებისთვის და სხვ.

GAO-ს მიერ გამოკითხული ჯარისკაცებისა და თავდაცვის დეპარტამენტის პერსონალის თქმით, დასაქმების შესახებ ინფორმაციის მოძიება ყველაზე მისაღებია იმ წლის დასაწყისში, როდესაც ჯარისკაცი სამხედრო სამსახურს ამთავრებს, რადგან ამ შემთხვევაში, მას მეტი დრო ექნება გადაწყვეტილების მიღებისა და სამუშაოს მოძიებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჯარისკაცებმა „გარდამავალი დახმარების პროგრამა“ სამხედრო სამსახურის დასრულებამდე მინიმუმ, 90 დღით ადრე დაასრულონ. მიუხედავად ამისა, GAO-მ აღმოაჩინა, რომ 2017 წელს TAP სავალდებულო პროგრამები სამხედრო სამსახურის დასრულებამდე 90 ან უფრო მეტი დღით მხოლოდ ჯარისკაცების ნახევარზე ნაკლებმა გაიარა.
GAO-ს ინფორმაციით, 2016 წელს თავდაცვის დეპარტამენტი არ ფლობდა მონაცემებს ეროვნული გვარდიისა და რეზერვის წევრთა 48%-ისა და აქტიური სამხედრო მოსამსახურეების 12%-ის შესახებ, რის გამოც დეპარტამენტი, თავის საჯარო მოხსენებაში, პოტენციურად არასწორად აფასებდა TAP-ის რეალურ შედეგებს.

2011 წლის „ვეტერანთა დასაქმების აქტის“ მიხედვით, თავდაცვის დეპარტამენტი ვალდებულია მოითხოვოს, რომ TAP პროგრამები ყველა დემობილიზებულ ჯარისკაცზე ვრცელდებოდეს, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. თუმცა, „ვეტერანთა დასაქმების აქტთან“ შესაბამისობის მაჩვენებლები, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურად გაასაჯაროვა, არ მოიცავდა ინფორმაციას ყველა ჯარისკაცზე. ამ სიაში, როგორც უკვე აღინიშნა, ვერ მოხვდნენ ის ჯარისკაცები, რომელთა შესახებაც თავდაცვის დეპარტამენტს მონაცემები არ გააჩნდა.

შესაბამისად, 2016 წლის ნოემბერში თავდაცვის დეპარტამენტმა მონაცემების შეგროვების ახალი სისტემა შეიმუშავა, რომელიც, უწყების წარმომადგენელთა მოსაზრებით, გააუმჯობესებს მონაცემების სისრულეს.

თავდაცვის დეპარტამენტი „გარდამავალი დახმარების პროგრამის“ რამდენიმე საკვანძო მიმართულების მონიტორინგს ახორციელებს, მათ შორის, ამოწმებს პროგრამაში მონაწილეობისა და კარიერისთვის მზადყოფნის სტანდარტებს, თუმცა მონიტორინგს არ უწევს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა, ჯარისკაცების საგანმანათლებლო კურსებში მონაწილეობის ვადები და დამატებით ლექციებზე ხელმისაწვდომობა. თავდაცვის დეპარტამენტი ასევე არ აკონტროლებს, ჯარისკაცებმა „გარდამავალი დახმარების პროგრამა“ სამხედრო სამსახურის დასრულებამდე ნამდვილად 90 დღით ადრე დაასრულეს, თუ − არა.

ფედერალური კანონი ავალდებულებს თავდაცვის დეპარტამენტს, რომ ჯარისკაცების სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათთვის დამატებითი ორდღიანი კურსის გავლა, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიმართულებით. თუმცა თავდაცვის დეპარტამენტი არ ახდენს იმის დოკუმენტირებას, რამდენად მიუწვდებათ ხელი ჯარისკაცებს მსგავს კურსებზე.

რეკომენდაციები

GAO-ს მიერ გაცემული რეკომენდაციებით, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გააუმჯობესოს და გამჭვირვალე გახადოს TAP-ში მონაწილეობისა და კარიერული მზადყოფნის სტანდარტები, ასევე განახორციელოს პროგრამების მონიტორინგი.

რეკომენდაციების მიხედვით, თავდაცვის მდივანმა საჯარო მოხსენება უნდა წარმოადგინოს TAP-ის ყველა იმ მონაწილისთვის, რომლებიც პროგრამის კრიტერიუმებს პასუხობენ, ასევე ეროვნული გვარდიისა და რეზერვის წევრებისთვის და არ გამორიცხოს ის ჯარისკაცები, რომელთა შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

თავდაცვის მდივანმა ასევე უნდა განახორციელოს მონიტორინგი, რამდენად აქვთ საშუალება სამხედრო მოსამსახურეებს, გაიარონ დამატებით ორდღიანი კურსები ან დაესწრონ TAP-ის ლექციებს აუდიტორიებში ან ონლაინ ფორმატში.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი დაეთანხმა აუდიტორების რეკომენდაციებს, ერთის გარდა, რომელიც ორდღიან დამატებით კურსებზე ხელმისაწვდომობას ეხება. GAO-ს შეფასებით, აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვანია ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების უკეთ დასაქმებისა და კარიერული წარმატებისთვის.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.