არქივი

სრულდება თუ არა ევროკავშირის მიერ დადგენილი ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები?



საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობით, 15 ქვეყნის და ევროკავშირის აუდიტორთა მონაწილეობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის აუდიტი ჩატარდა. ანგარიში საქართველოს, ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება. ერთობლივი ანგარიში ევროპის უმაღლესი აუდიტორული გაერთიანების (EUROSAI) ეგიდით მომზადდა და მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში თარგმნა.
ევროკავშირის მიერ დადგენილი ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები

ევროკავშირის მიერ ჰაერის დამბინძურებლებისათვის დაწესებული მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის დასაშვები ნორმები 2008 წლიდან ამოქმედდა. ევროკავშირის მოთხოვნები წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, ჰაერის ხარისხის ანალიზის ანგარიში პერიოდულად წარუდგინონ გარემოს ევროპულ სააგენტოს (EEA). დადგენილი ლიმიტების გადაჭარბების შემთხვევაში კი, ქვეყნები ვალდებულნი არიან შეიმუშავონ და განახორციელონ სამოქმედო გეგმები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

15 ქვეყნის აუდიტის სამსახურის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, ახორციელებდნენ თუ არა აუდიტში მონაწილე ქვეყნების მთავრობები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებს და შეესაბამებოდა თუ არა ეს ქმედებები ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას.

როგორც დადგინდა, აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, ვერცერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, მთავრობების მცდელობები, განახორციელონ ეფექტიანი ქმედებები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, წარუმატებლად სრულდება და შესაბამისად, ვერც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა ხერხდება. 

ერთობლივი აუდიტის ჩატარების შედეგად გამოიკვეთა, რომ აუდიტის მიზნებისთვის შერჩეულ 15 ქვეყანას შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები:

კონკრეტულად კი აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი მაგალითი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ესტონეთი იყო – ქვეყანაში ჰაერის ხარისხი ყველა დადგენილ სტანდარტს შეესაბამებოდა.

ხოლო მეორე მხრივ, ნეგატიური მაგალითებია პოლონეთი და ბულგარეთი, რომელთა საქმეებიც ევროკომისიამ ევროკავშირის  სასამართლოში წარადგინა ჰაერის ხარისხის ზღვრული მნიშვნელობების გაუთვალისწინებლობის გამო.

ჰაერის ხარისხი არც საქართველოში აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შესაბამისობაში, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილების გამონაბოლქვია. ამის შესახებ აღნიშნულია 2018 წლის აპრილში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.   

ჰოლანდიაში აუდიტორების გუნდმა აღმოაჩინა, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხში უმნიშვნელო, მცირედი გაუმჯობესება ნამდვილად შეიმჩნეოდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და მთავრობას შესაძლოა უკეთესი შედეგისთვისაც მიეღწია.

ერთობლივი აუდიტის მიგნებებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა  რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის,  აქტივობების ეფექტიანობის პერიოდულ მონიტორინგს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სხვა ღონისძიებებს.

რა გახდა ერთობლივი აუდიტის ჩატარების მოტივაცია?

როგორც EUROSAI ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში იუწყება, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზია.  2018 წლის შემოდგომაზე გამართულ ჰაერის დაბინძურებისა და ჯანმრთელობის შესახებ პირველ გლობალურ კონფერენციაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გაავრცელა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხდვითაც სიკვდილიანობის ყოველი ცხრა შემთხვევიდან ერთის მიზეზი დაბინძურებული ჰაერი იყო.  იმავე წლის  სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში კი ევროპის აუდიტორთა სასამართლო (Europian Court of Auditors) იტყობინებოდა, რომ ყოველწლიურად ევროკავშირის ფარგლებში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ადრეული სიკვდილიანობა 400,000-ს აღწევდა.


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.