არქივი

სტომატოლოგიური დაწესებულებების 54% ვერ აკმაყოფილებს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს


2018 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში 1526 სტომატოლოგიური დაწესებულება ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ 2015-2017 წლების კონტროლის შედეგების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულების 54%-მა ვერ დააკმაყოფილა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნები. ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათbვის) პროცესში: 2015 წელს აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულია შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 55%-ში, 2016 წელს − 48%-სა და 2017 წელს − 51%-ში.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული,   სტომატოლოგიური მომსახურება აღიარებულია, როგორც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა. არსებული კანონმდებლობა კი არ მოითხოვს იმის შემოწმებას, სტომატოლოგიური დაწესებულებები საქმიანობის საწყის ეტაპზე რამდენად აკმაყოფილებენ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სავალდებულო მოთხოვნებს. უფრო მეტიც, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი, შესამოწმებელი ობიექტების შერჩევის კრიტერიუმად საერთოდ არ არის განსაზღვრული ახლადგახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმება, რაც აუდიტორების შეფასებით, რისკის ქვეშ აყენებს პაციენტის უსაფრთხო მკურნალობას.

სტომატოლოგიური საქმიანობის საწყის ეტაპზე ასევე არ ხდება ინფექციების კონტროლის  სისტემის ელემენტების შემოწმება, რაც ზრდის რისკს. განსხვავებული პრაქტიკაა ინგლისში. მაგალითად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მუდმივი მონიტორინგის მიზნით, ერთი და იგივე ორგანიზაცია არეგისტრირებს და ამოწმებს სტაციონარულ და სტომატოლოგიურ დაწესებულებებს. რეგისტრაციის ეტაპზე მოწმდება, რამდენად აკმაყოფილებს დაწესებულება შესაბამისი სერვისისათვის განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს და შემდეგ სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, პაციენტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება დაწესებულებებზე მუდმივი მეთვალყურეობა და პერიოდული ინსპექტირება.

აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ  საქმიანობის დაწყების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შემოწმება შექმნის შესაძლებლობას, დროულად მოხდეს ნაკლოვანებების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირების პირობებში შემცირდეს დარღვევების მაჩვენებელი, რაც ხელს შეუწყობს როგორც პაციენტების უსაფრთხოებას, ასევე, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სისტემის ეფექტიან მართვას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს რეკომენდაციას, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების მაღალი რიკის გამო,  განხილულ იქნეს სტომატოლოგიური საქმიანობის, როგორც ნებართვით სახელმწიფო რეგულირებადი საქმიანობის საკითხი და შესაბამისი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე განხორციელდეს მისი საკანონმდებლო ინიცირება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.