არქივი

სტუდენტური სესხების დაფარვის ვარიანტები


ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს გასცემს ფედერალური სტუდენტური სესხების ფარგლებში. 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მსესხებლებს 149 მილიარდი დოლარის დავალიანება დაუგროვდათ. აშშ-ს სახელმწიფო აუდიტის ოფისმა (GAO) გამოიკვლია, რა შესაძლებლობები არსებობს უმაღლესი განათლების მისაღებად გაცემული ფედერალური სტუდენტური სესხების დასაბრუნებლად, თუ ბენეფიციარი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაშია.

სესხის პატიება

სტუდენტური სესხების დაფარვის ვარიანტები

„საჯარო სამსახურის სესხის პატიება“ (PSLF) − ეს არის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მსესხებელს ვალი გაუნულდება, თუ პირველი 10 წლის განმავლობაში მისი გადახდების მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ამასთანავე, კანდიდატი უნდა მუშაობდეს საჯარო სამსახურში ან არაკომერციულ ორგანიზაციაში და აკმაყოფილებდეს კიდევ რამდენიმე მოთხოვნას, მაგალითად, მსესხებელი უნდა იყენებდეს შემოსავალზე დაფუძნებული გადახდის რომელიმე სისტემას.

PSLF-ით სარგებლობა ბენეფიციარებმა პირველად 2017 წლიდან დაიწყეს. GAO-მ გადაწყვიტა გამოეკვლია, როგორ მუშაობს ეს პროგრამა, დაადგინა PSLF პროგრამაში ჩართული მსესხებლების რაოდენობა და გააანალიზა განათლების დეპარტამენტის მიერ მსესხებლების ცნობიერების ასამაღლებლად გატარებული ღონისძიებები, PSLF-ის მიმართ გაცემული რეკომენდაციები და ინსტრუქციები. GAO-მ ასევე შეისწავლა მონაცემები PSLF-ის სერვისცენტრიდან დასაქმების, სესხის გაცემისა და სესხის პატიების შესახებ 2018 წლის აპრილის მდგომარეობით.

როგორც აღმოჩნდა:

2018 წლის აპრილის მდგომარეობით, ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა გადადგა ნაბიჯები, რათა PSLF-ის პროგრამაში მოხვედრილიყო, მაგრამ მხოლოდ მათმა მცირე რაოდენობამ ისარგებლა ამ პრივილეგიით.

ამავე პერიოდის მონაცემებით, 890 000-მა ადამიანმა გაიარა პირველი ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ PSLF-მა მათი განცხადებები დასაქმებისა და სესხის გაცემის მხრივ მისაღებად მიიჩნია, თუმცა, საბოლოოდ, ყველა მოთხოვნა მხოლოდ 55-მა პირმა დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ განათლების დეპარტამენტმა არაერთი მეთოდი გამოიყენა, რათა PSLF პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონოდათ მსესხებლებს, მათი უმეტესობისთვის პროგრამის მოთხოვნები კვლავაც ბუნდოვანი დარჩა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი, რომელიც ავალდებულებს განათლების დეპარტამენტს, რომ დამატებითი ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩაატაროს, რათა მსესხებლებმა კარგად გაარკვიონ, რას ითხოვს PSLF პროგრამა.

საკითხის შესწავლის შემდეგ GAO-მ გასცა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად ფედერალური სტუდენტური დახმარების მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა:

  1. უნდა შეიმუშაოს განრიგი PSLF-ის მომსახურე პერსონალისთვის კომპლექსური სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციების გამოსაცემად.
  2. უნდა მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია PSLF-ის მომსახურე პერსონალსა და მსესხებლებს, რათა მათ უფრო კარგად ესმოდეთ, რომელი დამსაქმებელი ხვდება PSLF-ის პროგრამაში.
  3. უნდა მოახდინოს იმ ინფორმაციის სტანდარტიზება, რომელსაც PSLF-ის მომსახურე პერსონალი სხვა მსესხებელი სამსახურებიდან იღებს, რათა PSLF-ის თანამშრომლებს ჰქონდეთ უფრო შეთანხმებული და ზუსტი ინფორმაცია პროგრამით დაინტერესებული პირების შესახებ.
  4. უნდა უზრუნველყოს, რომ PSLF-ის თანამშრომლებისგან მსესხებლებმაც დეტალური ინფორმაცია მიიღონ, რადგან შესაძლებელი გახდეს ნებისმიერი შეცდომის აღმოჩენა მომსახურე პერსონალის მიერ იმ სტუდენტების დათვლისას, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს.

დამატებითი ინფორმაცია – დაფარვის სხვა ვარიანტები

გადახდა შემოსავლის მიხედვით

შემოსავალზე დაფუძნებული გადახდის სისტემა ეხმარება ადამიანებს, რომლებიც გრძელვადიანი ფინანსური გამოწვევების წინაშე დგანან. მსგავსი სისტემა სცდება სტანდარტულ ათწლიან ვადას და გარდა ამისა, შეიძლება ყოველთვიური გადასახადის რაოდენობაც შემცირდეს, რადგან ის შემოსავლიდან გამოთვლილ პროცენტს შეადგენს (პოტენციურად გადასახადი შეიძლება 0 დოლარიც გამოვიდეს). თუ ამ სისტემით მსესხებელი 20-25 წლის განმავლობაში იხდის დავალიანებას, დარჩენილი ბალანსი მას შეიძლება ეპატიოს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საბოლოო ჯამში ამ გრძელვადიანი სისტემით ადამიანი უფრო მეტს იხდის.

გადახდის გადავადება

გადავადება ერთ-ერთი ვარიანტია, როდესაც მსესხებლის ფინანსურად მძიმე მდგომარეობა დროებითია. GAO-მ აღმოაჩინა, რომ იმ მსესხებლების 68%-მა, ვინც სტუდენტური სესხის დაბრუნება 2013 წელს დაიწყო, გადავადების სისტემით პირველი სამი წლის განმავლობაში ისარგებლა. აქედან ერთ მეხუთედს ეს პერიოდი 18 თვე ან მეტი გაუგრძელდა. თუმცა, გადავადება უფასო არ არის: პროცენტები დაგროვდება და ბალანსს დაემატება, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ თვიურ გადასახადებს გადავადების პერიოდის დასრულების შემდეგ. მაგალითად, თუ ადამიანმა სესხის სახით 30 000 დოლარი აიღო და სამწლიანი გადავადების სისტემით ისარგებლა, ამ ვადის გასვლის შემდეგ, პროცენტების სახით, გადასახდელ თანხას 6 742 დოლარი ემატება, რაც 17%-იანი ზრდა გამოდის.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.