არქივი

ტყვიის მავნე ზემოქმედების პრევენცია სკოლებში

ამერიკის შეერთებული შტატების საჯარო სკოლებში ტყვიის მავნე ზემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყაროა საღებავი, რომელიც 1978 წლამდე აგებულ შენობებშია შემორჩენილი. მართალია, შტატების ფედერალურმა მთავრობამ 1978 წლიდან ტყვიის შემცველი საღებავის გაყიდვა აკრძალა, მაგრამ ძველ სკოლებში კვლავაც არსებობს საფრთხე, რომ ტყვიის მტვრის დაგროვება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის, ტყვიის შემცველი საღებავიანი კედლების დაზიანებამ, სარემონტო სამუშაოებმა და სხვ.

აშშ-ის აუდიტის სამსახურმა (GAO) ჩაატარა კვლევა შეერთებული შტატების მასშტაბით და შეეცადა დაედგინა, როგორ უმკლავდებიან ტყვიის მავნე ზემოქმედების პრობლემას სასკოლო დაწესებულებებში.

ბოლოდროინდელი შემთხვევების შემდეგ, როცა ტყვია აღმოჩნდა სასმელ წყალსა (მიჩიგანის შტატი, ფლინტი) და სამრეწველო ნარჩენებით დაბინძურებულ ნიადაგში (ინდიანას შტატი, ისტ-ჩიკაგო), საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააცნობიერა ის საფრთხე, რომელსაც ტყვია უქმნის ადამიანების, მით უფრო,  ბავშვების ჯანმრთელობას.

აუდიტორებმა 2017 წლის ოქტომბრიდან გამოჰკითხეს  შემთხვევითი მეთოდით შერჩეული 549 სკოლა ხუთ შტატში − ჯორჯიაში, ილინოისში, მასაჩუსეტსში, ორეგონსა და ტეხასში. კვლევის შედეგების მიხედვით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა, დაახლოებით, მესამედი  (15.3 მილიონი მოსწავლე) იმ სკოლებში სწავლობს, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დეპარტამენტის მიერ ტყვიის შემცველ საღებავზე შემოწმდა. აღსანიშნავია, რომ შემოწმებული სკოლების ნახევარში დადასტურდა ტყვიის შემცველი საღებავის არსებობა. ყველა ამ სკოლამ განაცხადა, რომ ახორციელებს ან გეგმავს პრევენციულ ღონისძიებებს პრობლემის აღმოსაფხვრელად. 

აშშ-ის აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში, შეერთებული შტატების მასშტაბით, მთლიანობაში, სასკოლო რაიონების მხოლოდ მცირე ნაწილი, დაახლოებით, 12%  შემოწმდა ტყვიის შემცველ საღებავზე.

GAO-მ ასევე განიხილა შესაბამისი ფედერალური კანონები, რეგულაციები და დებულებები. როგორც აღმოჩნდა, „გარემოს დაცვის სააგენტომ“ (EPA) ჯერ კიდევ 2009 წელს შეიმუშავა სახელმძღვანელო დებულებები, რომელიც რეკომენდაციას აძლევდა სკოლებს, მიეღოთ პრევენციული ზომები ტყვიის ზემოქმედების შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად.

GAO-მ მოუწოდა სასწავლო დაწესებულებებს, უკვე არსებული სახელმძღვანელო დებულებების სრულფასოვნად დაცვის შესახებ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.