არქივი

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა სკოლებში

ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის ერთ¬-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სკოლაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო და პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს მისაღწევად, ფიზიკური გარემოს გარდა, განსაკუთრებული როლი ენიჭება მოსწავლეთა ცნობიერებას − საკუთარი უფლებების შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა შეისწავლეს, რამდენად უზრუნველყოფილია სკოლებში მოსწავლეთათვის უსაფრთხო ფიზიკური გარემო და რამდენად ეფექტიანია სამოქალაქო განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების პროცესი. აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ სკოლებში განხორციელებული გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამოწვევები კვლავ არსებობს და საჭიროა პროცესის კომპლექსური მართვა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ 2018 წლის მონაცემებით, ზოგადსაგანმათლებლო სკოლების მხოლოდ 21%-ს ჰყავდა მანდატურები და 43% აღჭურვილი იყო ვიდეოკამერებით.
ასევე, აღმოჩნდა, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს მხოლოდ 10 ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, რაც არ არის საკმარისი და ხელმისაწვდომი რეგიონის სკოლებისთვის. აუდიტის პროცესში გამოვლინდა, რომ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებში უმრავლეს შემთხვევაში (72%) მოსწავლის გადამისამართება ხდებოდა უშუალოდ სკოლიდან, ხოლო დაბალი იყო თვითდინებით მიმართვიანობა (28%), რაც, შესაძლოა, გამოწვეულია მშობლების სამოქალაქო ცნობიერების დაბალი მაჩვენებლით და მათ მიერ შვილების საჭიროებების არასათანადო შეფასებით.

ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით

სკოლებში უსაფრთხო და პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებებისა და ბულინგის შესახებ.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხები უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების შესახებ, სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში, სკოლებში მე-3 კლასიდან ისწავლება და დათმობილი საათების რაოდენობით, ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს უტოლდება. მიუხედავად ამისა, აუდიტის შედეგად გამოვლინდა ორი ძირითადი ნაკლოვანება:

  • აღმოჩნდა, რომ ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა გამოცემის სახელმძღვანელოში განსხვავებული მოცულობითაა განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის უფლებების კონვენცია, მოსწავლის უფლებები  და  სხვ.
  • გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს VII კლასამდე არ მიეწოდებათ ინფორმაცია ბულინგის შესახებ, მაშინ, როცა ბულინგი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემისთვის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ეკონომიკური თანაშმრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ბულინგი უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის აკადემიურ უნარებსა და ზოგად კეთილდღეობაზე.

გარდა ფორმალური განათლებისა, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება. მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის საჭიროა, პროცესში ჩართული იყოს ყველა მხარე – სკოლის ადმინისტრაცია,  მშობლები, მასწავლებლები, მანდატურის სამსახური.   

აუდიტის შედეგად კი გამოიკვეთა, რომ სამინისტროს მიერ არ ჩატარებულა მასობრივი საინფორმაციო კამპანია სკოლებში ბულინგის შემთხვევებისა და ინციდენტების აღმოფხვრის მიმართულებით. ასევე არ განხორციელებულა რაიმე სახის აქტივობა, სადაც მოსწავლეთა მშობლები და სკოლა კოორდინირებულად იმუშავებდნენ პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მიმართულებით.

სკოლებში უსაფრთხო გარემოს ფორმირებისთვის ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია მასწავლებელთა გადამზადება და ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ტრენინგები არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. შესაბამისად, 2018 წლის მონაცემებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული მასწავლებლების 87%-ს გავლილი არ აქვს სამოქალაქო განათლებისა და უსაფრთხოების ტრენინგი, უფრო მეტიც, აღნიშნული ტრენინგს ესწრებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგების მხოლოდ 23%.

გარდა ამისა, აუდიტის შედეგების მიხედვით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს არ აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განხორციელდება მასწავლებელთა მთლიანი კონტინგენტის ეტაპობრივი გადამზადება სამოქალაქო განათლების, მოსწავლეთა უსაფრთხოებისა  და ადამიანის უფლებების მიმართულებებით.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით, სკოლებში უნდა მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების საკითხების ეფექტიანი დანერგვა განათლების ყველა საფეხურზე. მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალური განათლების მიმართულებით დაიგეგმოს და განხორციელდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გაზრდის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ცნობიერებას ბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების შესახებ. გარდა ამისა, საჭიროა აღნიშნული მიმართულებით ყველა პედაგოგის გადამზადება, რაც ჩვენი შეფასებით, ხელს შეუწყობს სკოლებში უსაფრთხო გარემოს ფორმირებას.

ავტორი: თამარ ზურაშვილი, აუდიტორი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.