არქივი

STEM საგანმანათლებლო პროგრამები

მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) საგანმანათლებლო პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტების გადამზადებისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხრივ. ფედერალური STEM პროგრამები შეიძლება მოიცავდეს როგორც წინასასკოლო (ე.წ. „პრესქულ“) პერიოდს, ასევე მაგისტრატურას. აღნიშნულ პროგრამებს სხვადასხვა მიზნები აქვს, მათ შორის, მოსწავლეებისა და სტუდენტების მომზადება საკურსო სამუშაოებისთვის, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე გრანტების გაცემა, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში STEM პროგრამებში მონაწილე პირების დივერსიფიკაციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, 2016 წელს ფედერალურმა მთავრობამ ამ მიმართულებით 3 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ STEM პროგრამებს ადმინისტრირებას 13 ფედერალური უწყება უწევს, მათ შორისაა აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA), მეცნიერების ეროვნული ფონდი (NSF), სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA), თავდაცვის დეპარტამენტი (DOD) და ენერგეტიკის დეპარტამენტი (DOE).
როგორც აშშ აუდიტის ოფისმა (GAO) გაარკვია, 2010-2016 წლებში ფედერალური ინვესტიციები საგანმანათლებლო პროგრამებში შედარებით სტაბილური იყო, თუმცა პროგრამების რაოდენობა 209-დან 163-მდე შემცირდა.

GAO-ს ინფორმაციით, პროგრამების შემცირების მიზეზი რამდენიმე მათგანის გაერთიანება ან შეწყვეტა გახდა. STEM-ის თითქმის ყველა საგანმანათლებლო პროგრამა 2016 წელს გარკვეულწილად დუბლირებული იყო, სულ მცირე, ერთ სხვა პროგრამასთან, რადგან ისინი ერთსა და იმავე ჯგუფებს ანალოგიურ მომსახურებებს სთავაზობდნენ იდენტური მიზნების მისაღწევად.

GAO-მ დაადგინა, რომ STEM განათლების კომიტეტმა (უწყებათაშორისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია პროგრამების სტრატეგიულ გეგმაზე) ბოლომდე ვერ შეასრულა ვალდებულებები საგანმანათლებლო პროგრამების პორტფელის შეფასებასთან დაკავშირებით. კერძოდ, კომიტეტმა არც პროგრამების ეფექტიანობა შეაფასა და არც მათი დოკუმენტირება მოახდინა. ასევე: არ მოამზადა მოხსენება პროგრამებში ნაკლებად ჩართული ჯგუფების (ქალები, სხვადასხვა უმცირესობები, სოფლად მცხოვრები პირები) მონაწილეობის შესახებ. შედეგად, შეუძლებელი გახდა იმის გარკვევა, გაიზარდა თუ შემცირდა STEM პროგრამებში ამ ჯგუფების მონაწილეობა, და ასევე უცნობია, რომელი სააგენტოები ან პროგრამები აღწევენ წარმატებებს დივერსიფიკაციის მხრივ და რომელი − ვერა.

განათლების კომიტეტის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ამ მონაცემების შესახებ მოხსენება მართლაც არ გაუკეთებია, რადგან მსგავსი სახის ინფორმაცია მხოლოდ ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაში მოიძებნებოდა. თუმცა GAO-ს კვლევამ დაადგინა, რომ მონაწილეების შესახებ ინფორმაცია გააჩნდა არა ზოგიერთ, არამედ თითქმის ყველა, 163-ვე პროგრამას. კერძოდ, GAO-ს კვლევის მიხედვით, STEM პროგრამების თითქმის სამმა მეოთხედმა განაცხადა, რომ 2016 წელს ყველა მონაწილის აღრიცხვას ახდენდა, ხოლო ბევრი პროგრამა ასევე ინახავდა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა მონაცემებსაც. მაგალითად, პროგრამების 61% აღრიცხავდა ინფორმაციას ქალების, 54% კი − აფროამერიკელების მონაწილეობის შესახებ.

აშშ აუდიტის სამსახურმა რეკომენდაციით მიმართა STEM განათლების კომიტეტს, საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტურობის შეფასებისა და მათი დადოკუმენტირების, ასევე პროგრამებში მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ ანგარიშის მომზადების თაობაზე.
უფრო კონკრეტულად, განათლების კომიტეტის ხელმძღვანელობამ:

  • უნდა შეაფასოს STEM პროგრამები და მიიღოს შესაბამისი ზომები მათი ეფექტიანობის ამაღლებისთვის, გააზიაროს საუკეთესო პრაქტიკები, რომლებსაც სააგენტოები თავიანთი პროგრამების შექმნისას გამოიყენებენ
  • ხელი შეუწყოს პროგრამების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას
  • მოამზადოს ანგარიში პროგრამებში ნაკლებად ჩართული უმცირესობების, ქალების და სოფლად მცხოვრები ადამიანების მონაწილეობის შესახებ

განათლების კომიტეტი დაეთანხმა GAO-ს რეკომენდაციებს და პირველი ნაბიჯებიც გადადგა სიტუაციის გამოსწორებისკენ. კერძოდ, დააფუძნა STEM განათლების შეფასების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იკვლევს სააგენტოების მიერ ჩატარებული შეფასებების მეთოდებს, აზიარებს საუკეთესო პრაქტიკებს და განიხილავს, რა სახის გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს შეფასებების დროს გაჩენილი ბარიერების დროს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.