არქივი

ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერი სერვისები

2017 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 57 მლნ ამერიკელს აღენიშნებოდა ფსიქიკური პრობლემები (მათ შორის, დეპრესია, ნარკოდამოკიდებულებით გამოწვეული დაავადებები და სხვ.), მათგან 70%-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისებით არ უსარგებლია მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის შედეგად შეძლებდა დაავადების სიმპტომების მართვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. GAO-ს კვლევის თანახმად, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა უმრავლესობა თვლის, რომ სამედიცინო ჩარევას საერთოდ არ საჭიროებს.

გამოწვევები მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით

მილიონობით ადამიანი მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზებად ასახელებს სამედიცინო ხარჯებს, საზოგადოებაში არსებულ სტიგმას ან მწირ ინფორმაციას სათემო სერვისების შესახებ.
გარკვეულ ჯგუფებს, მაგალითად, დაბალშემოსავლიან ზრდასრულებს, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების გაცილებით ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ, ვიდრე სტაბილური შემოსავლის მქონე პირებს. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ანაზღაურებას საათობრივად იღებენ, ვერ ახერხებენ სამსახურიდან გასვლას, ხოლო უსახლკაროებისთვის პრიორიტეტულია სხვა საჭიროებები, ვთქვათ, თავშესაფრის მოძებნა.
ზოგიერთ ადამიანს მკურნალობის დაწყება იმის გამო უჭირს, რომ სამედიცინო დაწესებულებები სახლიდან მოშორებით მდებარეობს. როგორც GAO-ს კვლევა აჩვენებს, აშშ-ში ფსიქიკური დარგის სპეციალისტების ნაკლებობაა. უფრო კონკრეტულად, შტატებში არსებული ოლქების 55%-ს, აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის (HHS) ინფორმაციით, საერთოდ არ ჰყავს ფსიქიატრი.

ყოფილი ბენეფიციარების როლი პრობლემის გადაჭრაში

შტატები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ე.წ. „თანასწორთა დახმარების სპეციალისტებს“ − ყოფილ პაციენტებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ფსიქიკური პრობლემების სიმძიმე და შეუძლიათ თავიანთი გამოცდილება სერვისები პოტენციურ მომხმარებლებსაც გაუზიარონ და დაარწმუნონ ისინი მკურნალობის ჩატარების აუცილებლობაში; თუმცა მსგავსი მომსახურება ითვლება კლინიკური სერვისების დამატებად და არა მათ შემცვლელად.

GAO-მ გამოიკვლია, პროგრამის ფარგლებში როგორ ამზადებენ სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ადგილებში (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები და საბინაო სააგენტოები) ზოგიერთ შტატში „თანასწორთა დახმარების პროგრამების“ მხარდასაჭერად, ფედერალურ დაფინანსებას კი HHS-ისგან იღებენ.

GAO-მ შეისწავლა ინტერნეტით საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია „თანასწორთა დახმარების პროგრამების“ შესახებ და გამოჰკითხა ამ პროგრამების წარმომადგენლები 6 შტატში (ფლორიდა, ჯორჯია, მიჩიგანი, ორეგონი, პენსილვანია და ტეხასი). აღსანიშნავია, რომ GAO-მ ექვსივე შტატი ნაწილობრივ იმის მიხედვით შეარჩია, რამდენად მყარად ჰქონდა მოკიდებული ფეხი სერტიფიკაციის პროგრამას და იყო თუ არა ეს პროგრამა ნივთიერებების ბოროტად გამოყენებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების ადმინისტრაციის (SAMHSA) მიერ დაფინანსებული. GAO-მ ასევე გამოჰკითხა SAMHSA-ს ოფიციალური პირები, სერტიფიცირების პროგრამაში ჩართული აქციონერები, ფსიქიკური ჯანდაცვის მკვლევარები და სასწავლო-სატრენინგო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აუდიტის შედეგად, გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები, რომელთა გაუმჯობესება უფრო ეფექტურს გახდის „თანასწორთა დახმარების სპეციალისტების“ პროგრამის კომპეტენტურობას და შესაძლებელი იქნება, უფრო მეტ ადამიანს გაუწიოს დახმარება:

პრეტენდენტების სისტემატური შერჩევა

პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს სისტემატური და ობიექტური შერჩევის პროცესს, რათა შეაფასოს, რამდენად გაცნობიერებული აქვს პრეტენდენტს გამოჯანმრთელების მნიშვნელობა და „თანასწორის“ მოვალეობები.

პერსონალური ტრენინგების ჩატარება

პროგრამა უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ტრენინგებს, რათა ხელი შეუწყოს „თანასწორებს“, განავითარონ თავიანთი ინტერპერსონალური უნარები.

ტრენინგები და უწყვეტი განათლება

პროგრამა უნდა ცდილობდეს, პერსონალური ტრენინგებისა და უწყვეტი განათლების შედეგად, „თანასწორთა დახმარების პროგრამის“ სპეციალისტებმა გაიუმჯობესონ უნარები, რათა დაეხმარონ სხვებს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მართვაში.

ორგანიზაციების მომზადება „თანასწორთა“ ეფექტურად გამოყენებისთვის

პროგრამამ უნდა უზრუნველყოს პროვაიდერი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართვა „თანასწორთა დახმარების“ მიმართულებით.

„თანასწორთა“ ჩართვა მმართველობასა და სერტიფიცირების პროგრამების შემუშავებაში

პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს „თანასწორთა დახმარების“ სპეციალისტების ჩაერთვას სერტიფიცირების პროცესში, მათ შორის, პრეტენდენტების შერჩევაში, ტრენინგების გამართვასა და სასწავლო გეგმების შედგენაში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.