არქივი

ქალთა დასაქმება ტექნიკურ სექტორში

ტექნიკური პროფილის კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების წყაროა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნულ სფეროში, გენდერული თვალსაზრისით, კადრების შერჩევის არათანაბარი პირობებია შექმნილი. აშშ-ის აუდიტის ოფისმა (GAO) გამოიკვლია ტექნიკურ სექტორში არსებული ტენდენციები და შეისწავლა, როგორ რეაგირებენ დისკრიმინაციის ფაქტებზე გავლენიანი ორგანიზაციები – დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების კომისია (EEOC) და შრომის დეპარტამენტის კონტრაქტების შესრულების ფედერალური პროგრამის სამსახური (OFCCP).

სტატისტიკური ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა ტექნიკურ დარგში (მათემატიკა, კომპიუტერები, ინჟინერია) დასაქმებულ ადამიანთა საერთო რაოდენობა, მათ შორის, მოიმატა ამ მიმართულებით დასაქმებული უმცირესობების წარმომადგენელთა რიცხვმა. თუმცა როგორც GAO-მ დაადგინა, ტექნიკური პროფილით მომუშავე ქალთა სტატისტიკა არ შეცვლილა და კვლავაც 22%-ია. ეს მაშინ, როდესაც ქალები მთლიანი შრომითი რესურსების 49%-ს შეადგენენ.

ქალები ასევე ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ტექნიკურ  სექტორში, მმართველ პოზიციებზე. მაგალითად, 2015 წელს, ტექნიკური კომპანიების მაღალ თანამდებობებზე ქალების მხოლოდ 19% მუშაობდა, ხოლო  არატექნიკურში  −  31%.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ასეთ დაბალ წარმომადგენლობას განაპირობებს, ტექნიკური განათლების მქონე ქალების მცირე რაოდენობაა. ქალები შეერთებულ შტატებში ფლობენ დიპლომის მთლიანი რაოდენობის 58%-ს, მათ შორის, ტექნიკური დიპლომების −  მხოლოდ 24%-ს.

GAO-მ გაარკვია, რომ ზოგიერთ ტექნიკური პროფილის კომპანიაში ცდილობენ გაზარდონ უმცირესობების წარმომადგენლებისა და ქალების დაწინაურების მაჩვენებელი. ამ მიზნით, მაგალითად, ისინი თანამშრომლებისთვის შიდა სწავლებებსა და ტრენინგებს ატარებენ. აუდიტორები თვლიან, რომ ამ მიმართულებით ფედერალურ მთავრობასაც შეუძლია დახმარების გაწევა.

როგორ ხდება დასაქმების ტენდენციებზე რეაგირება

დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების კომისია (EEOC) ფედერალური მასშტაბით აკვირდება, რამდენად სრულდება დისკრიმინაციის საწინააღმდეგო მოთხოვნები და  იძიებს კონკრეტულ ასეთ შემთხვევებს, თუმცა ინფორმაციას სისტემატურად არ აღრიცხავს ჩრდილოეთ ამერიკის მრეწველობის კლასიფიკაციის სისტემის (NAICS) მიხედვით, რაც აფერხებს სექტორების მიხედვით ანალიზის ჩატარების  შესაძლებლობას (ცნობისთვის, NAICS სისტემით ხელმძღვანელობენ ფედერალური სტატისტიკის სააგენტოები ბიზნესორგანიზაციების კლასიფიკაციის პროცესში).

შრომის დეპარტამენტის კონტრაქტების შესრულების ფედერალური პროგრამის სამსახური (OFCCP) უზრუნველყოფს დამსაქმებლების მიერ ვალდებულებების შესრულებას, თუმცა სააგენტოს არ შეუფასებია სამუშაო ადგილების მიმოხილვის საკვანძო ასპექტები, როგორიცაა, კომპანიების მიდგომა კადრების შერჩევისადმი. ამ საკითხების მოგვარების გარეშე კი OFCCP-მ შესაძლოა ხელიდან გაუშვას შესაძლებლობა, რომ დამსაქმებლებს პოზიტიური და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება დაავალდებულოს.

GAO-ს რეკომენდაციით, EEOC-მ  უნდა  შეიმუშაოს განრიგი დარგობრივად მონაცემების შეგროვების გაუმჯობესებისთვის, ხოლო OFCCP-მ დამსაქმებლებისგან მოითხოვოს უფრო კონკრეტული ნაბიჯები ტექნიკურ სფეროში მეტი ქალისა და უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართვის მიმართულებით.

EEOC არ დაეთანხმა აღნიშნულ რეკომენდაციას, ხოლო OFCCP-მ განაცხადა, რომ საჭიროა რეგულაციების ცვლილება, რათა შეიცვალოს დასაქმების აქამდე არსებული კრიტერიუმები.  

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.