არქივი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობა

ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტი, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ამუშავებს საჯარო სკოლებიდან მიღებულ ინფორმაციას მოსწავლეთა განათლების უფლებების შეზღუდვისა და იზოლირების ფაქტების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს რასის, კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის ან შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ფედერალური კანონის აღსრულებას. აშშ-ის აუდიტის ოფისმა (GAO) გამოიკვლია, რომ 2015-2016 სასწავლო წელს 17000 სკოლიდან 70%-მა „შეზღუდვებისა და იზოლირების ფაქტების“ აღრიცხვისას შესაბამის გრაფებში მიუთითა „ნული“, თუმცა სკოლების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა სასწავლო დაწესებულებამ მონაცემთა ბაზაში ყველა ინციდენტი არ შეიტანა, რაც საბოლოო შედეგების ცდომილების მიზეზი გახდა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონი შშმ პირთა განათლების შესახებ (IDEA) ავალდებულებს შტატებს, უზრუნველყონ უფასო საჯარო განათლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა მოსწავლისთვის. GAO-ს ინფორმაციით კი, იმ ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც სპეციალურ განათლებას იღებენ, განსხვავებულია სხვადასხვა შტატში, რაც ბადებს ეჭვს, რომ კანონი ყველა ბენეფიციარზე თანაბრად არ ვრცელდება.

GAO-მ დაადგინა, რომ ასეთი განსხვავების მიზეზია IDEA-ს მიდგომა, რომლის თანახმად ყველა შტატს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს შერჩევის კრიტერიუმები და შეზღუდული შესაძლებლობების კატეგორიები. ეს კი ქმნის საფრთხეს, რომ მოზარდი, შესაძლოა გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ შტატში და არა ქვეყნის მასშტაბით.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების გამოვლენასა და მათ შეფასებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ასევე შეიძლება იმოქმედოს სკოლაში ჩარიცხვის მაჩვენებლებზეც. მაგალითად, სკოლის გარეშე შეიძლება დარჩეს მოზარდი, თუკი ის არ საუბრობს ინგლისურად, ხოლო სასწავლო დაწესებულებას არ ჰყავს პერსონალი, რომელიც მას მშობლიურ ენაზე დაელაპარაკება.

იმისათვის, რომ შეზღუდვებისა და იზოლირების ინციდენტების დათვლა უფრო ზუსტად განხორციელდეს, GAO განათლების დეპარტამენტს ოთხ რეკომენდაციას აძლევს:

  1. რეგულარულად შეახსენოს და ნათლად ჩამოუყალიბოს სკოლებს, თუ როდის უნდა მიუთითონ „ნული“ კითხვარში და როდის დატოვონ გრაფები ცარიელი
  2. გაიაროს კონსულტაცია სკოლებთან, რომლებმაც უკვე შეავსეს კითხვარები და დარწმუნდეს, რომ „ნულის“ მითითება შეზღუდვებისა და იზოლირების გრაფაში ნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები არ ყოფილა
  3. უზრუნველყოს, რომ მომავალში ზუსტად შესრულდეს სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა
  4. გამოააშკარაოს პოტენციური პრობლემები, რომლებიც შესაძლოა მონაცემების არასწორად შეგროვებას მოჰყვეს.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.