არქივი

შრომის ინსპექცია შეზღუდული უფლებამოსილებით

შრომის ინსპექცია შეზღუდული უფლებამოსილებით

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასაქმებულთა შრომითი უფლებების შესახებ მომზადებულ ანგარიშში შრომის ინსპექტორის არსებული ფორმატი შეაფასა, როგორც არაეფექტური და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო.

საერთაშორისო სტანდარტებით, შრომის ინსპექცირება გულისხმობს შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმებას, სამუშაო ადგილზე უნებართვოდ შესვლასა და სანქცირებას. 

საქართველოს კანონმდებლობით კი, 2018 წლამდე შრომის ინსპექცია შემოიფარგლებოდა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების შემოწმებით. შესაბამისად, ეფექტიანობის აუდიტის ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რაც შრომის ინსპექციის მანდატის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვებას, პირველ რიგში კი, შრომის უფლებების ინსპექტირების სრულ სპექტრზე გავრცელებას გულისხმობდა.

როგორ შესრულდა ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია, რომლის მიხედვით შრომის ინსპექტორის უფლებამოსილება მოიცავს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ შრომის სხვა უფლებებსაც (შრომითი ხელშეკრულებები, ანაზღაურება, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო, ავადმყოფობის დროს იძულებითი მოცდენის ანაზღაურება, შვებულებით სარგებლობა და სხვ).

შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამაში“ აღნიშნული ცვლილება 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა, თუმცა ამავე პროგრამით, შრომის ინსპექტორს კვლავაც ეზღუდება სამუშაო ადგილზე უნებართვოდ შესვლა და სანქცირება, რაც აუდიტორების მოსაზრებით, ნეგატიურ გავლენას ახდენს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის ხარისხზე, რადგან:

შრომის ინსპექტირების განსახორციელებლად აუცილებელია დამსაქმებლის ნებართვა. მოქმედი რეგულაციებით, შრომის ინსპექტორის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც შრომის პირობების ინსპექცირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობაზე წინასწარ თანხმობას განაცხადებენ. ინსპექტორი ასევე ვალდებულია, პროგრამაში ჩართულ პირებს 5 კალენდარული დღით ადრე აცნობოს მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. დამსაქმებლის უარის შემთხვევაში, ინსპექტორების განხორციელება შეუძლებელია. შედეგად, შემოწმებული ობიექტების ნუსხა მცირეა და შრომითი უფლებების დარღვევების სრულ სურათს ვერ ქმნის.

შრომის ინსპექციას არა აქვს სანქცირების უფლებამოსილება. შრომის ინსპექტორი შემოიფარგლება რეკომენდაციებით, რომელთა შესრულება არასავალდებულოა. შედეგად, დაბალია რეკომენდაციებზე რეაგირების სტატისტიკაც (მაგალითისთვის, აუდიტის ანგარიშის მონაცემებით, 2015 წლიდან 2017 წლის პირველი ნახევარში, შრომის ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე გამოსწორებულია დარღვევების მცირე ნაწილი – 23%).

შრომის ინსპექციის ადეკვატური უფლებამოსილებების არარსებობის პირობებში, გაზრდილია სასამართლო დავების ხანგრძლივობა. დასაქმებულს შრომითი უფლებების დასაცავად რჩება მეორე, ასევე ნაკლებეფექტური ბერკეტი – სასამართლო, სადაც შრომითი დავის წარმოება დამატებით ხარჯებთან და გაჭიანურებულ პროცესებთანაა დაკავშირებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ აუცილებელია შრომის არსებული კანონმდებლობა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს და შრომის ინსპექტორს მიენიჭოს ობიექტზე გაუფრთხილებლად შესვლისა და სანქცირების უფლება. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, 2018 წლის 1 სექტემბრამდე ეროვნულ კანონმდებლობაში ასახოს ევროკავშირის დირექტივები (91/533/EEC, მუხლი 8 (1); 2002/14/EC, მუხლი 8 (2), რაც აღსრულების ნაწილში სანქცირების უფლებით აღჭურვილი შრომის ინსპექციის არსებობას მოითხოვს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.