არქივი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობა

გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შშმ პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას, განახორციელოს მათთვის განკუთვნილი პოლიტიკა/პროგრამები. რამდენად ეფექტიანია საქართველოში მცხოვრები შშმ პირებისთვის განკუთვნილი პროგრამები, უზრუნველყოფილია თუ არა სოციალური რეაბილიტაციის ქვეპროგრამების ხელმისაწვდომობა და მომსახურების სათანადო ხარისხი – ამის გასარკვევად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2017-2019 წლებში გატარებული ღონისძიებები, გამოავლინა ამ მიმართულებით არსებული ნაკლოვანებები და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.


სოციალური პროგრამები და ქვეპროგრამები

შშმ პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით ქვეყანაში დანერგილია სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა,  რომელიც  რვა ქვეპროგრამას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეპროგრამებისთვის 2019 წელს გათვალისწინებული იყო 20 მლნ ლარი, აუდიტორების შეფასებით, სერვისები მაინც ვერ ფარავს შშმ პირთა ყველა ჯგუფის საჭიროებებს და გაფართოებას საჭიროებს.

მაგალითისთვის, რეაბილიტაციის ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს ზრდასრული შშმ პირების მომსახურებას,  რომელთათვისაც ასევე მნიშვნელოვანია ამ მომსახურების მიღება. რეაბილიტაციის სერვისს ვერ იღებენ მხედველობისა და სმენის დარღვევის მქონე შშმ პირები, თუ მათ სხვა თანმხლები დაავადებაც არ აქვთ. სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში გათვალისწინებულია სურდოთარჯიმნების მომსახურება სმენის დარღვევების მქონე შშმ პირებისთვის, თუმცა პროგრამა საქართველოს მასშტაბით ითვალისწინებს მხოლოდ 10 თარჯიმნის მომსახურებას, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში და სხვ.

აუდიტირები აღნიშნავენ, რომ სოციალური პროგრამების მიწოდებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება ადგილობრივ თვითმმართველობას, რადგან ყველაზე უკეთ მუნიციპალიტეტებში იციან თავიანთ არეალში მცხოვრები შშმ პირების მდგოამრეობის შესახებ და აქვთ შესაძლებლობა, სწორედ მათი საჭიროებების  გათვალისწინებით შეავსონ/განავითარონ ცენტრალურ დონეზე არსებული პროგრამები ან მიაწოდონ ახალი სერვისი.

შესაბამისად, შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებშიც კი, სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების სახსრების კოორდინირებული და შეთანხმებული გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად, მათ შორის, ყველაზე პრიორიტეტული სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასავითარებლად.

დამხმარე საშუალებების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კვლავაც პრობლემურია დამხმარე საშუალებების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის საკითხი. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტო ფლობს ინფორმაციას მხოლოდ იმ პოტენციური ბენეფიციარების შესახებ, რომელთაც განაცხადი შეიტანეს სააგენტოში და მოითხოვეს კონკრეტული დამხმარე საშუალება. აუდიტის ჯგუფის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა არ იძლევა სრულ სურათს, რადგან ყველა დამხმარე საშუალების საჭიროების მქონე პირი არ მიმართავს სააგენტოს, ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დამხმარე საშუალებები (მექანიკური სავარძელ-ეტლები, ელექტროსავარძელ-ეტლები, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები, სმენის აპარატები,  კოხლეარული იმპლანტი, ყავარჯნები, ხელჯოხები) ძირითადად მზადდება თბილისში.  გამონაკლისია ქუთაისში მდებარე საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების ერთი მიმწოდებელი, რომელიც  2019 წელს მხოლოდ ხუთ ბენეფიციარს მოემსახურა.

საგულისხმოა, რომ დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს რეგიონების  მოსახლეობისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას (გარდა ელექტროსავარძელ-ეტლებისა). შესაბამისად, ქვეპროგრამის დაგეგმვის ეტაპზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობა უმეტესი დამხმარე საშუალებისთვის გათვალისწინებული არ არის და მათ მისაღებად საჭიროა მიმწოდებელთან დამატებითი ვიზიტები ზომების აღების, დამხმარე საშუალების მორგებისა და გატანისთვის.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რეკომენდაციით მიმართა სამინისტროს, შშმ პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშაოს მინიმალური სტანდარტები რეაბილიტაციისა და დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამების მიმწოდებლებისთვის და დანერგოს მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სისტემა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.