არქივი

წყალდიდობის პრევენციისა და მზადყოფნის ღონისძიებები

გლობალური დათბობის პროცესის დაჩქარებას ხელი შეუწყო გარემოზე ადამიანის უკონტროლო ზემოქმედებამ და საშიში, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებამ. მსოფლიო კლიმატის ცვლილები აისახება ტემპერატურის ზრდაზე, წლიური საშუალო ნალექიანობის ტენდენციასა და ზღვის დონის მნიშვნელოვნად მატებაზე, რაც ბუნებრივი სტიქიური მოვლენების, მათ შორის წყალდიდობების, გახშირების გამომწვევი მიზეზები ხდება.
საქართველო, თავისი რელიეფისა და კლიმატური პირობების გამო, საგრძნობლად მოწყვლადია სხვადასხვა სახის ბუნებრივი საფრთხეების მიმართ. 2014-2017 წლების მონაცემებით, მხოლოდ წყალდიდობების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 24 ადამიანი, ხოლო ზარალმა – 147 მილიონი ლარი შეადგინა. ბუნებრივია, დიდია საზოგადოების ინტერესი იმის შესახებ, რა ბერკეტებს ფლობს სახელმწიფო მსგავსი მოვლენების აღკვეთის, პრევენციისა და შედეგების შერბილების თვალსაზრისით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა EUROSAI-ის წევრ ქვეყნებთან (ბელარუსი, სერბია, პოლონეთი, უკრაინა) ერთად განახორციელა პარალელური აუდიტი – წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტი, რომლის მიზანი იყო შეეფასებინა, რამდენად საკმარისი და პროდუქტიულია წყალდიდობის რისკის პრევენციის ღონისძიებები და რამდენად უზრუნველყოფს ბუნებრივი კატასტროფებისათვის განხორციელებული მზადყოფნის ღონისძიებები მოსალოდნელ წყალდიდობაზე დროულ რეაგირებასა და მისი უარყოფითი შედეგების შემცირებას.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა ხარვეზები სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისა და სისტემაში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის, ასევე ინფორმაციის ადრეული შეტყობინენების, მოსახლეობის ინფორმირებულობისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

მსოფლიოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების (UNDP, World Health Organization, UNICEF და სხვ.) თანამშრომლობით შემუშავებული გლობალური რისკის მართვის ინდექსის (INFORM) მონაცემებით, ბუნებრივი კატასტროფების რისკი საქართველოში საშუალოზე მაღალია. უფრო კონკრეტულად კი, INFORM-ის მიხედვით, რისკის დასაშვები ზღვრული ინდექსი 3,8-ია, რაც საქართველოს შემთხვევაში 4,4 -ია, მეზობელ სომხეთში – 4.2, უკრაინაში – 3,1, ესტონეთში კი  – 0,9.

საქართველოსთვის, სადაც 26 ათასამდე მდინარე და ხევია, დამახასიათებელია წყალდიდობების სიხშირე და მათი განმეორებადობა 5-6 წელიწადში ერთხელ. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,   წყალდიდობების ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად მაღალია და ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მთლიანი მატერიალური ზარალის 24%-ს შეადგენს.

წყალდიდობის პრევენციის მიმართულებით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მდინარეთა სანაპიროებსა და ხევებში ჭარბი ურბანიზაცია, რაც აუდიტორების შეფასებით, ეფექტიან რეგულირებას საჭიროებს. ამის ნათელი მაგალითია მდინარე ვერეს ხეობაში მიმდინარე ურბანიზაციის პროცესი.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის მიზანს არ წარმოადგენდა სამშენებლო ნებართვების გაცემის კანონიერების საკითხების შესწავლა. შესაბამისად ანგარიშში მოხვდა მხოლოდ ის სისტემური პრობლემა-ნაკლოვანებები, რომელიც უკავშირდება წყალდიდობის პრევენციულ და მზადყოფნის ღონისძიებებს. თუმცა საკითხის  შესწავლისას გამოვლინდა, რომ არსებობს შემთხვევები, როცა მდინარის ნაპირებში მშენებლობის ნებართვების გაცემა პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს.

კანონდებლობით, მდინარეთა ნაპირებსა და ხევებში მშენებლობისას, ნებართვების გამცემმა ორგანომ სავალდებულო დასკვნისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიმართოს. თუმცა აუდიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ მიუხედავად კანონდებლობის მოთხოვნისა, მდინარეთა ნაპირებში მშენებლობაზე ნებართვები საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან დამოუკიდებლად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცემა, რაზეც მეტყველებს დეპარტამენტში ამ მიმართულებით შესული განცხადებების სიმწირე.

სტრატეგიული დოკუმენტის ნაკლოვანებები

2017 წელს ქვეყანაში პირველად დამტკიცდა კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რაც, აუდიტორების შეფასებით, „ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, თუმცა გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებები“. მაგალითად:

წყალდიდობების პრევენციაში ჩართულ უწყებებს შორის არ არის საკმარისი კოორდინაცია ჩასატარებელი სამუშაოების პრიორიტეტულობის დასადგენად. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც სტრატეგიული დოკუმენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული არ არის, ხოლო პარალელურად ამ გეგმით განსაზღვრული პროექტები სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ხორციელდება.

მაგალითად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმართულებით, 2017-2019 წლებში ჩაატარა 116 ღონისძიება, თუმცა ეს ღინისძიებები სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა.

გარდა ამისა, მტკვარი და ალაზანი სტრატეგიაში განსაზღვრულია, როგორც საფრთხის შემცველი მდინარეები, თუმცა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება გათვალისწინებული  არ არის.  

აუდიტის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ რისკის შემცირების სტრატეგიულ დოკუმენტებში ტყის საფარის, განსაკუთრებით კი ჭალის ტყეების მოვლა-აღდგენა, როგორც წყალდიდობის პრევენციული ღონისძიება, გათვალისწინებული არ არის, ხოლო მუნიციპალიტეტები, რომლებიც სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრევენციულ რგოლს წარმოადგნენ, ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობების ეფექტიან პრევენციას. არცერთ მუნიციპალიტეტში არ არის დამტკიცებული რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები, შესაბამისად ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტების მზადყოფნის დონე დაბალია.

აუდიტორებმა კიდევ ერთ მნიშნველოვან პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება: შესაძლოა, წყალდიდობის გამომწვევი მიზეზებისცდებოდეს მუნიციპალურ საზღვრებს და კონკრეტული ხეობებიდან, ტყის მასივში მიმდინარე ჭრისგან იყოს გამოწვეული, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, წყალდიდობის პრევენციისთვის სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის დაშესაბამისად, ისინი ამ თანხებს ხარჯავენ თავიანთ ტერიტორიაზე ჯებირებისა და სხვა დამცავი ნაგებობების მოსაწყობად, მაშინ როცა აღმოუფხვრელი რჩება მთავარი გამომწვევი მიზეზი.

ადრეული შეტყობინების სისტემის ნაკლოვანებები

წყალდიდობისათვის მზადყოფნის ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანია წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელთა სწორად დაგეგმვას და განვითარებას უშუალოდ უკავშირდება წყალდიდობის საფრთხეებისა და მოწყვლადობის რისკის რუკების შედგენა.

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა GIS – ციფრული რუკები ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტებს კომბინირებული მონაცემების დამუშავებაში, რაც მოიცავს მეტეოროლოგიას, ტოპოგრაფიას, ნიადაგის თვისებებს, მცენარეულ საფარს, ჰიდროლოგიას, განსახლებას, ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, მოსახლეობის მდგომარეობას და მატერიალურ რესურსებს. მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემებისთვის საქართველოში ჯერ არ გამოიყენება აღნიშნული თანამედროვე ციფრული რუკები.

საქართველოში კი ამჟამად დამკვიდრებული პრაქტიკით, გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ამინდის მკვეთრად გაუარესებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უგზავნის საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ასევე ელექტრონულად აცნობებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის, 112-ს,  ინფორმაციას აქვეყნებს ვებპორტალზე, ტელევიზიასა და რადიოში. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი მოსახლეობისთვის, რაც უფრო მაღალი ეფექტურობით ხასიათდება და აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში (მაგალითად,  იაპონია, ავსტრალია, ბანგლადეში).

მოსახლეობის ინფორმირებულობისა და მათი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ნაკლოვანებები

მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განსაზღვრულია სხვადასხვა პროდუქტის  (მათ შორის,  ვიდეოგაკვეთილები, მობილური აპლიკაცია) შექმნა,  თუმცა, ისინი, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, არაპოპულარულია და საბოლოო მიზანს ვერ აღწევს. აუდიტორებმა მდინარე ვერეს ხეობაში მცხოვრები  60 პირი გამოკითხეს, რომელთა 68.3%-ს რაიმე სახის ღონისძიებაში მონაწილეობა  არ მიუღია, ხოლო გამოკითხულთა 98%-მა არ იცის მობილური აპლიკაციის შესახებ და 58%-ს არ სმენია ვიდეოგაკვეთილებზე.

აუდიტორების შეფასებით, წყალდიდობების მიმართ მოწყვლადი ჯგუფები იდენტიფიცირებული არ არის და მიზნობრივ აუდიტორიას მხოლოდ მოსწავლეები წარმოადგენენ. შესაბამისად, არ არის საკმარისი მომხმარებლამდე ინფორმაციის მისვლის საშუალებები და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერება დაბალია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.