არქივი

ხელოვნური ინტელექტი: ახალი შესაძლებლობები, გამოწვევები და შედეგები

ხელოვნურ ინტელექტს (AI) შეუძლია ადამიანების ცხოვრება და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა საგრძნობლად გააუმჯობესოს მრავალი მიმართულებით და, ამასთანავე, გაუმკლავდეს საზოგადოების ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს. დღეს არავის უკვირს, რომ ტელეფონს ადამიანის ხმის ან სახის ამოცნობა შეუძლია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს შესაძლებლობა სწორედ კომპიუტერულ პროგრამასთან − ხელოვნურ ინტელექტთანაა დაკავშირებული. ექსპერტების აზრით, ხელოვნური ინტელექტი ბადებს ახალ რისკებსაც, რომლებმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა.

ხელოვნური ინტელექტი დღეს

სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმში „ტერმინატორი 2“, რომელიც ეკრანებზე 1991 წელს გამოჩნდა, იწინასწარმეტყველეს, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპიუტერული პროგრამა „სკაინეტი“ 1997 წლის 29 აგვისტოს საკუთარ შესაძლებლობებს გააცნობიერებდა და მსოფლიოს დაიპყრობდა. დღეს, მართალია, ამგვარ შედეგს მინიმუმ, 22 წლით ავცდით, მაგრამ მაინც მუდმივად და ინტერესით ვამოწმებთ, რამე ახალი ხომ არ ხდება ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჯერ ახლოსაც კი არ არის იმასთან, რომ „სკაინეტის“ მსგავს პროგრამად გადაიქცეს, რადგან ეს მოითხოვს გაცილებით მეტი შესაძლებლობების ტექნოლოგიას, რომელსაც ზოგჯერ მესამე ტალღის ხელოვნურ ინტელექტსაც უწოდებენ. ალბათობა იმისა, რომ პროგნოზირებად მომავალში რაიმე მსგავსი გამოჩნდეს, უკიდურესად დაბალია.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესსა და მმართველობაში

2018 წელს, აშშ-ს სახელმწიფო აუდიტის ოფისის (GAO) მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები გამოავლინა ხელოვნური ინტელექტის როლზე მმართველობისა და ბიზნესის მიმართულებით:

  • ფინანსურ მომსახურებაში: ვირტუალური მოსაუბრეები და სატელეფონო მომსახურების ცენტრები მომხმარებლის მოთხოვნებს უფრო სწრაფად უპასუხებენ, ხელოვნური ინტელექტის მონიტორინგი კი ტრანზაქციების დროს შესაძლო თაღლითობის შემოწმებას რეალური დროის რეჟიმში შეძლებს
  • კიბერუსაფრთხოებაში: ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება საფრთხეების ამოცნობა და თავიდან აცილება
  • ტრანსპორტის სფეროში: ავტოპილოტით მართული ტრანსპორტის გამოყენებით შემცირდება უსაფრთხოების რისკები და ტვირთის გადატანის ხარჯებიც

რისკები
აღნიშნული სიკეთეების გარდა, ხელოვნურ ინტელექტს თან ახლავს გამოწვევებიც. რისკები ხშირად დაკავშირებულია მონაცემების იმ დიდ რაოდენობასთან, რომელიც სამანქანო სწავლებას ესაჭიროება. ერთ-ერთი რისკი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანების შესახებ შეკრებილი და დამუშავებული ინფორმაცია შესაძლოა სწორედ ამ პირების საზიანოდ იყოს გამოყენებული.

მაგალითად, განვიხილოთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესი სისხლის სამართლის საქმეებში. შესაძლოა, გარკვეული რეკომენდაციები უფრო მკაცრი აღმოჩნდეს კონკრეტული რასობრივი ჯგუფებისთვის. ამასთანავე, მსგავსი მიკერძოების აღმოჩენა რთული საქმეა, რადგან ალგორითმების უმეტესობა ე.წ. „შავი ყუთია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ვერ გაიგებს ამა თუ იმ გადაწყვეტილების თუ რეკომენდაციის მიზეზს.

როგორ შევამციროთ რისკები?
GAO-ს მიერ მოწვეულ ფორუმზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარებით მიღებული შედეგები ოთხ სფეროში იქნა განხილული − კიბერუსაფრთხოება, ავტომატური მანქანები, სისხლის სამართალი და ფინანსური მომსახურება.
ხელოვნური ინტელექტის სარგებლიანობისა და გამოწვევების განხილვის შემდეგ, ფორუმის მონაწილეებმა გამოავლინეს რამდენიმე თემა, რომელიც, მათი აზრით, მეტ ყურადღებას მოითხოვს. კერძოდ, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ უნდა იქნეს გამოკვლეული გზები, რათა მოხდეს: 1. მგრძნობიარე ინფორმაციის გაზიარებისთვის საჭირო მექანიზმების შექმნა ისე, რომ მწარმოებლებისა და საზოგადოების დაცულობა შენარჩუნებული იყოს; 2. უსაფრთხოებისა და დაცულობის გაუმჯობესება ისეთი სტრუქტურის შექმნით, რომელიც მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარჯებისა და ვალდებულებების სწორად განაწილებას უზრუნველყოფს; 3. იმ მარეგულირებელი ფაქტორების განახლება, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს ხელოვნურ ინტელექტზე; 4. რისკის მისაღები დონეებისა და ეთიკური მოსაზრებების შეფასება.

დასკვნა

ჯერ კიდევ შორი პერსპექტივაა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის მინიმალური ჩარევის ან საერთოდ მის გარეშე იმუშაოს. მიუხედავად ამისა, რისკების შეფასება და გაანალიზება აქედანვე საჭიროა, რათა კაცობრიობამ ეს მძლავრი ტექნოლოგია უსაფრთხოდ გამოიყენოს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.